30-31 იანვარს საქართველოს მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ოლეგ სერებრიანი ესტუმრება

30-31 იანვარს, საქართველოში სამუშაო ვიზიტით ესტუმრება მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი რეინტეგრაციის საკითხებში, ოლეგ სერებრიანი. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის მიზანია სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და მოლდოვის რესპუბლიკის რეინტეგრაციის ბიუროს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.

ვიზიტის ფარგლებში მოლდოვის ვიცე-პრემიერი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხთა დროებითი კომისიის ხელმძღვანელთან და სხვა პარლამენტარებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან. ვიზიტი აგრეთვე ითვალისწინებს ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის მონახულებას.

უწყების ცნობით, შეხვედრების ფარგლებში იგეგმება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს გამოცდილების გაზიარება და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მიმდინარეობის გაცნობა, ასევე ინფორმაციის გაცვლა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და მოლდოვის რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონში არსებული ვითარების თაობაზე.