“ვტოვებთ პარლამენტს, ვიწყებთ მობილიზაციას, დღესვე იქნება პირველი აქტივობა” | ლევან ხაბეიშვილის საგანგებო განცხადება

ბიძინა ივანიშვილის მიერ მოსამართლის ხელით, მიხეილ სააკაშვილისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის შემდეგ, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საგანგებო რეჟიმზე გადადის.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, მთავარი ოპოზიციური პარტია ტოვებს პარლამენტს, იწყებენ რეგიონებში მობილიზაციას და პირველი საპროტესტო აქტივობა დღესვე გაიმართება.

“ჩვენ გვაქვს კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული და ეს ძალიან კარგად უნდა დაიმახსოვროს ბიძინა ივანიშვილმა.

ამ წუთიდან “ოცნების” მაღალი თანამდებობის პირებს არ ექნებათ მოსვენება, ამას კი ბრიფინგის დასრულებისთანავე პრემიერი ღარიბაშვილი პირველი იგრძნობს.

ხვალიდან “ნაციონალური მოძრაობა” გადადის საგანგებო რეჟიმზე და მე მივმართავ პარტიის რაიონულ ხელმძღვანელებს – ხვალ, ყველას გელოდებით დედაქალაქში.

“ნაციონალური მოძრაობა” აღარ აპირებს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობას. ჩვენ, ასევე, დავიწყებთ აქტიურ საუბარს ელჩებთან, რათა ავუხსნათ გადაწყვეტილების მიზეზი.

მივმართავ “ოცნებას”, დამთავრდა თქვენი მშვიდობიანი ცხოვრება!” , – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.