ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე საიუბილეო ყოველწლიურმა სესიამ მუშაობა დაასრულა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25- საიუბილეო ყოველწლიური სესია დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაიხურა. საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად ავსტრიის წარმომადგენელი ქრისტინე მუტონენი აირჩიეს. კენჭისყრა ორ ტურად გაიმართა. პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის პირველ ტურში 91 ხმა მიიღო ქრისტინე მუტონენიმ, 85 ხმა – გიორგი წერეთემლმა, 25 ხმა – ალაინ ნეირმა. არჩევნების მეორე ტურში გიორგი წერეთელს მხარი დაუჭირა 73-მა პარლამენტარმა, ხოლო ქრისტინე მუტონენს – 86-მა. გიორგი წერეთელმა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა. ვიცე-პრეზიდენტები არიან, ასევე, რობერტ ადერჰოლი, კენტ ჰარსტედი, ვიქტორ პაულ დობრე, პიტერ ბოუნესი, რობერტ ბატელი, ისაბელ სანტოსი და აზეი გულიევი.

პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა 122 ხმით 6-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს თბილისის დასკვნით დეკლარაციას, ხოლო 7-მა დეპუტატმა თავი შეიკავა. დოკუმენტი სესიის ფარგლებში კომიტეტების სხდომებზე განხილულ რეზოლუციებს შეიცავს, მათ შორის,რეზოლუციის პროექტს „კონფლიქტები საქართველოში“. რეზოლუცია ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, მის სუვერენიტეტს ეხება. ის შეიცავს 67 ქვეყნის პოლიტიკურ ნებას. რეზოლუციით ეუთოს წევრი სახელმწიფოები მოუწოდებენ რუსეთს, პატივი სცეს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს, უარი თქვას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე, მისცეს საშუალება დევნილებს, დაბრუნდნენ თავის საცხოვრებელ ადგილებზე, რუსეთმა გაიყვანოს ჯარები საქართველოდან და შეწყვიტოს ქართული ტერიტორიების ოკუპაცია. აღნიშნული დეკლარაციის წარდგენა მოხდება ვენაში ეუთოსთვის, ასევე ორგანიზაციის ყველა წევრი ქვეყანის საგარეო საქმეთა სამინისტროებისთვის.

რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელთა მოსაზრებით, დეკლარაციის შემადგენლობაში რამდენიმე ისეთი რეზოლუციაა, რომელიც მათი მოსაზრებით, არ ემსახურება ეუთოს საპარლამენტო როლის, ევროპის უსაფრთხოების გაძლიერებას. აღნიშნული არგუმენტის გამო რუსეთის ფედერაციამ დოკუმენტს მთლიანობაში მხარი არ დაუჭირა.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მოხსენება გააკეთა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხაზინადარმა დორის ბარნეტმა. მისი თქმით, ასამბლეის წევრებმა საკუთარი პოტენციალი მაქსიმალურად უნდა მოახმარონ წინსვლას და დეკლარაცია ეროვნული პოლიტიკის წარმართვისას აქტიურად გამოიყენონ.

სხდომაზე მოხსენება გააკეთა ასევე საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა რობერტო მონტელამ. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს ეუთო-ს კონფერენციის ორგანიზაბისა და გულითადი მასპინძლობისთვის. ჩვენ ბევრ ქვეყანაში დავდივართ, 25-წლიანი გამოცდილება გვაქვს და მინდა გითხრათ, მართლაც არაჩვეულებრივი მიღება იყო. ყველაფერიდაწყებული მძღოლიდან, დამთავრებული ოპერატორითიდეალური იყო. მერწმუნეთ, ეს არის გულიდან წამოსული სიტყვები, – განაცხადა მონტელამ.

ეუთოს როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა გიორგი წერეთელმა. „ეს იყო ისტორიული შეხვედრა საქართველოსთვის. მიხარია, რომ ვხედავ, რა ხდება თბილისში. ეს არის ისტორიული შეხვედრა ჩვენი რეგიონისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. მოხარული ვარ, რომ დისკუსიები ჩავატარეთ ბევრ უმნიშვნელოვანეს საკითხზე. ვფიქრობ, მიმდინარე მოვლენები მთელი პერიპეტიებით გადმოცემულია ფინალურ დოკუმენტში, რომელიც შევიმუშავეთ. ბევრი მტკივნეული საკითხია მასში“, – განაცხადა გიორგი წერეთელმა. მისი თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია ეუთოს ინსტიტუტების გაძლიერება ისევე, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გაძლიერება. ასევე მნიშვნელოვანია მჭირდო ურთიერთობა და დიალოგი ახალგაზრდობასთან. „ჩვენ უნდა ვიყოთ გაერთიანებული იმ ძირითადი პრინციპებით, რომელზეც ეუთო დგას. საპარლამენტო ასამბლეის მუშაობა უნდა გავხადოთ მაქსიმალურად გამჭვირვალე“, – განაცხადა გიორგი წერეთელმა.

ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა თედო ჯაფარიძემ. მისი განცხადებით, კონფლიქტები ჰელსინკის აქტის დისკრედიტაციას ახდენენ. მისივე თქმით, ეუთოს ადამიანის უფლებათა დაცვის ფუნქცია შეუფასებლად მნიშვნელოვანია. თედო ჯაფარიძემ გაიხსენა იმპერიების ნგრევის პროცესში 90-იანი წლების დადგენილებები, ეთნიკური დაპირისპირებები, პოსტსაბჭოურ ქვეყნებში საზღვრების ცვლილებები. მისი თქმით, ეუთოს თავმჯდომარე გერმანიიის წარმომადგენელია და გერმანიას, როგორც ქვეყანას, აქვს უმნიშვნელოვანესი როლი კონფლიქტების გადაწყვეტაში. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, სახელმწიფოთა მთავრობების, სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლების შეხვედრების როლსა და დიალოგის მნიშვნელობაზე კონფლიქტების მოგვარების საქმეში.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ილკა კანერვამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ერთწლიანი მუშაობა შეაფასა. მისი თქმით, საჭიროა ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც დემოკრატიასა და დიალოგის პრინციპს ეყრდნობა. „ჩვენ უნდა ვიმუშაოთ უსაფრთხოებაზე, ეს არის ჩვენი მიზანი, ხოლო თანამშრომლობა და დიალოგი არის საშუალება. ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ საქმიანობებზე, რომელიც მიმართულია კონკრეტულ შედეგებზე, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და არა მხოლოდ ვილაპარაკოთ“, – განაცხადა ილკა კანერვამ. მან იმედი გამოთქვა, რომ მისი მემკვიდრე გააკეთებს ბევრ კარგ საქმეს. მან მადლობა გადაუხადა ეუთო-ს და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს გაწეული მუშაობისთვის და საქმიანობის ნაყოფიერად და წარმატებულად გაგრძელება უსურვა.

სხდომის დასასრულს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მადლობა გადაუხადა ილკა კანერვას, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მთელ გუნდს, მის სამდივნოს, დელეგაციებს, ყველას, ვინც ეწვია საქართველოს და აქტიური მონაწილეობა მიიღო განხილვებში, დისკუსიებში და მხარს უჭერდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესს. ჩვენთვის დიდი პატივი იყო თქვენი მასპინძლობა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ღონისძიება ყოფილიყო საუკეთესო და თქვენთვის სასიამოვნო გარემო შეგვექმნა. მოხარულები ვართ, თუ ამაში წარმატებას მივაღწიეთ. განსაკუთრებით მოხარულები ვიქნებით, თუ ისევ დაბრუნდებით საქართველოში სამსახურებრივ თუ პირად საქმეებზე. ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდოდა დემონსტრირება იმისა, რომ საქართველო ძალიან სერიოზულად ეკიდება ყველა იმ საკითხს, რაც ეუთოს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას უკავშირდება. ასე რომ, ჩვენ არ ვართ მხოლოდ მასპინძლები, ჩვენ ვართ ამ ორგანიზაციის წევრები და ასეც გაგრძელდება თბილისშიც და სხვა ქვეყნებშიც, სადაც ერთმანეთს შევხვდებით, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

1-5 ივლისს, თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) საპარლამენტო ასამბლეის საიუბილეო, 25-ე ყოველწლიური სესია გაიმართა. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-წლიანი ისტორიის მანძილზე საქართველო პირველად უმასპინძლა მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის პოლიტიკურ მოვლენას – მსოფლიოში უდიდესი უსაფრთხოების ორგანიზაციის საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმს, რომლის თემა იყო „25-წლიანი საპარლამენტო თანამშრომლობა: ნდობის შენება დიალოგით“. ეუთოს 57 წევრი ქვეყნის 600-ზე მეტი სტუმარი საპარლამენტო ასამბლეის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ, ეკოლოგიურ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და მედიის თავისუფლების საკითხებზე მოხსენებებს გაეცნობო და შესაბამისი რეზოლუციები მიიღეს.

კომენტარის დატოვება