პროკურატურამ ბათუმში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ ბათუმში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა.

უწყების ინფორმაციით,  გამოძიებით დადგინდა, რომ 11 მარტს, ბათუმში, ერთ-ერთი კაფე-ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დაზარალებულს დანით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108 -ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.