ბოლო 1 წლის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 3 297, ხოლო უკრაინის 78 მოქალაქემ მიიღო

ბოლო 1 წლის განმავლობაში, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 8 თებერვლამდე საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 3 375 მოქალაქეს, მათგან რუსეთის – 3 297 და უკრაინის – 78 მოქალაქეს.

BM.GE-ის ცნობით, სტატისტიკური მაჩვენებლები იუსტიციის სამინისტროდან საქართველოს პარლამენტის წევრს, ოპოზიციონერ დეპუტატ პაატა მანჯგალაძეს მიაწოდეს.

მონაცემების თანახმად, 2022 წელს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი უთხრეს რუსეთის 2 638 მოქალაქეს, განუხილველი დარჩა 321 მიმართვა, დაკმაყოფილებულია – 3 297, ამჟამად განხილვაშია – 1 344 მიმართვა, შეჩერებულია 28 მიმართვა.

რაც შეეხება უკრაინის მოქალაქეებს, 2022 წელს, უარი – 55 მოქალაქეს ეთქვა, განუხილველი დარჩა – 14 მიმართვა, განხილვაშია – 40 მიმართვა, დაკმაყოფილებულია 78 მიმართვა, შეჩერებულია – 1.

2023 წელს კი, პირველ ორ თვის მონაცემებით, განხილვაშია რუსეთის მოქალაქეების 421 მოთხოვნა, ხოლო უკრაინის მოქალაქეების 17 მოთხოვნა.