დღეიდან მეტროსადგურ „გოცირიძეს” მატარებელი გაუჩერებლად აღარ გაივლის

მეტროსადგური „გოცირიძე“ მუშაობას დღეიდან განაახლებს – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მეტროსადგური დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გუშინ დაათვალიერა.

კალაძემ შექმნილი დისკომფორტის გამო, საზოგადოებას ბოდიში კიდევ ერთხელ მოუხადა.

„მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. როგორც იცით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები მიმდინარეობდა. იყო გარკვეული ხარვეზები, გამოსასწორებელი იყო რაღაც დეტალები, რაც, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნა. პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, ყველა იმ ადამიანს, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, კონკრეტულად კი, მეტროპოლიტენით სარგებლობს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში დახურული იყო აღნიშნული მეტროსადგური. ძალიან ბევრჯერ მომიწია განმარტებების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო სამუშაოების შეფერხების მიზეზი და რატომ იყო ამხელა პრობლემა. სამწუხაროდ, არიან ისეთი კომპანიები, რომლებიც ხელშეკრულების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს არ და ვერ ასრულებენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პრობლემა იყო ის, რომ ორივე კონტრაქტორი კომპანიის შეცვლა მოგვიწია და ამის გამო გაიწელა დრო. ხვალიდან, აღნიშნული მეტროსადგური მოემსახურება მგზავრებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.