„ეს არის სიგნალი პუტინისტური რეჟიმებისთვის” – ხაბეიშვილი ჰააგას ისტორიულ გადაწყვეტილებაზე

„ეს არის სიგნალი პუტინისტური რეჟიმებისთვის, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ კიდევ უფრო ახლოვდება და რეალური ხდება სანქცირება, რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის. მინდა გავაფრთხილო „რუსული ოცნების” წარმომადგენლები საქართველოში, თქვენი პოლიტიკური დღეები დათვლილია” – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ჰააგის სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემას.

ხაბეიშვილის თქმით, მსოფლიომ პუტინი დამნაშავედ ოფიციალურად გამოაცხადა.

„ბიძინა ივანიშვილის პატრონი, მსოფლიოში აღიარებული ტერორისტი პუტინი, ფაქტობრივად, ჩაკეტეს მოსკოვში, რაც ნიშნავს იმას, რომ მას აღარ შეეძლება ევროპაში, ცივილიზებულ სამყაროსთან კონტაქტი და თუ ის დააპირებს ამას, მას დააკავებენ. ეს არის კონკრეტული გადაწყვეტილება და ის, როგორც დამნაშავე მსოფლიომ უკვე ოფიციალურად გამოაცხადა. პუტინი ვეღარ გავა კრემლიდან და ის გამოკეტილია მოსკოვში. ეს არის სიგნალი პუტინისტური რეჟიმებისთვის, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ კიდევ უფრო ახლოვდება და რეალური ხდება სანქცირება, რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის. მინდა გავაფრთხილო “რუსული ოცნების” წარმომადგენლები საქართველოში, თქვენი პოლიტიკური დღეები დათლილია და საქართველოს ისტორიის და მსოფლიო ისტორიის წინაშე თქვენ იქნებით თავმოჭრილები, შერცხვენილები როგორც მთავარი პუტინისტები და კრემლის გაგრძელება საქართველოში. კონკრეტული გადაწყვეტილება უკვე არსებობს და დამნაშავეს, მსოფლიოს ტერორისტს ფეხქვეშ რამდენიც არ უნდა გაეგოთ იცოდეთ, რომ ის დამარცხებულია, ის, როგორც პოლიტიკოსი აღარ არსებობს და დანარჩენი ცივილიზებული სამყაროსთვის ის არსებობს როგორც ტერორისტი“, – „ინტერპრესნიუსის” ცნობით, განაცხადა ხაბეიშვილმა.

ნახეთ ასევე: ჰააგამ პუტინის დაკავების ორდერი გასცა