ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე ავარიაში მოყვა

რუსთავში, კოსტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცნობილი სპორტსმენი, ალექსანდრე წივწივაძე დაშავდა. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. წივწივაძე მოტოციკლით გადაადგილდებოდა.

სპორტსმენი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ექიმების ამბობენ, რომ მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება, თუმცა მათივე თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ფასდება.

კლინიკის ინტენსიური თერაპიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პაატა პაატიშვილის განცხადებით, ახალგაზრდას რამდენიმე საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

„შემოვიდა პაციენტი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ჩვენს კლინიკაში. ის გახლდთ კონტაქტური, ადეკვატური. ჩაუტარდა კვლევები და დაფიქსირდა გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა, ბარძაყის ძვლის მოტეხილობა და სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა. პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში და შესაბამისი მომზადების შემდგომ, ჩაუტარდა ოპერაცია ბარძაყის ძვლის მოტეხილობის გამო.

ოპერაცია წარმატებით დასრულდა. პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა, თუმცა სტაბილური”, – აცხადებს პაატა პაატიშვილი.

ცნობისთვის, ალექსანრე წივწივაძე კანოე-კაიაკში მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონია.