დიღმის მასივში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ, თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 მარტს, თბილისში, დიღმის მასივის მე-3 კვარტალში, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა დანით დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.