„გუშინდელი დღე და ჯილდო დასტურია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი პუტინის და ივანიშვილის პირადი პატიმარია“ – ლევან ხაბეიშვილი

„გუშინდელი დღე და ჯილდო კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი პუტინის, სალავიოვის, ლავროვის და ბიძინა ივანიშვილის საამებლად არის გამოკეტილი ციხეში” – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გუშინ, პრეზიდენტ სააკაშვილს ნორვეგიაში გადაეცა დემოკრატიის განვითარებისთვის პრიზი, ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო, რომელიც ასევე მიღებული აქვს მაია სანდუს. გუშინ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნახა, თუ როგორ ზიანდება საქართველოს რეპუტაცია იმ პირობებში, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი ტყვეობაში იმყოფება.

ამ ჯილდოს გადაცემის დროს ღიად საუბრობდნენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, რომ არის რუსული ხელისუფლება და ოპოზიცია და ხალხი ებრძვის კრემლიდან მართულ ხელისუფლებას.

გუშინდელი დღე და ჯილდო კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი პუტინის, სალავიოვის, ლავროვის და ბიძინა ივანიშვილის საამებლად არის გამოკეტილი ციხეში.

საზოგადოებამ კარგად უნდა გაიზაროს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი მოუწოდებს ხელისუფლებას პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ, როცა პოლონეთის ხელისუფლება ითხოვს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ მას უმკურნალოს და უზრუნველყოს მისი სიცოცხლე, როცა 27 ქვეყნის მთავრობა, ვგულისხმობ ევროკავშირის წევრებს, ღიად წუხს და დემარშს უცხადებს ხელისუფლებას და მოუწოდებს, რომ მისი სიცოცხლე იყოს უზრუნველყოფილი, ამ პირობებში საქართველოს რეპუტაცია ყოველდღიურად ზიანდება.

ამ პირობებში, როცა გვინდა კანდიდატის სტატუსის მიღება, პარალელურად, ცივილიზებული სამყარო ხედავს, რომ რუსული, კრემლიდან მართული ხელისუფლებაა საქართველოში და ამის ერთ-ერთ მთავარ გამოხატულებად ხედავენ პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობას, კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ეს არ არის ვიწროპარტიული საქმე, ეს არ არის ერთი ადამიანის საკითხი, არამედ ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საკითხი.

როცა ვსაუბრობთ 12 პუნქტის შესრულებაზე, მნიშვნელოვანია პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება ისევე, როგორც ცხადია ნიკა გვარამიას თავისუფლება.

ამიტომ, მე კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ხელისუფლებას და საზოგადოებასაც, თუ უახლოეს პერიოდში არ იღებს ხელისუფლება გადაწყვეტილებას, რომ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის რეპუტაცია არ აზიანოს, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და ამისთვის მკვეთრი ნაბიჯები გადადგას, მაშინ ჩვენ, ქართველ ხალხს ყველას ერთად მოგვიწევს ბრძოლა და ჩვენი ევროპული მომავლის დაცვა. ეს ერთი, პოლიტიკურ პარტიას „რუსულ ოცნებას” და მეორე საზოგადოებას, ჩემო მეგობრებო, ჩემო ძვირფასებო, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, ჩვენ აუცილებლად ერთად მოგვიწევს ბრძოლა ჩვენი ევროპული მომავლისთვის.

9 აპრილს, 17:00 საათზე, ყველას გელოდებით რუსთაველზე“,- განაცხადა ხაბეიშვილმა ბრიფინგზე.