„მღელვარების საფუძველი არაა” – ღარიბაშვილის თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს არცერთი თანამშრომელი არ დარჩება ხელფასის გარეშე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურისა და ხელფასის გარეშე.

ღარიბაშვილის თქმით, ბოლო დღეებში ბევრი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და მიზანმიმართული პროპაგანდა მიმდინარეობდა, თუმცა მღელვარების საფუძველი არ არსებობს.

„ძალიან მალე, რამდენიმე დღეში ბატონი ზურაბ აზარაშვილი წარმოადგენს ახალ ხედვას, პრეზენტაციას. არცერთი თანამშრომელი, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე. ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა ბოლო დღეების განმავლობაში, მიზანმიმართული ტყუილი, პროპაგანდა მიმდინარეობდა, რაც რა თქმა უნდა, არის სიცრუე, არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე და მათი ხელფასის გარეშე. გვაქვს ძალიან კარგი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს რესპუბლიკური საავადმყოფო, საუბარია იმავე ადგილას, და არა სხვა ადგილას, ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე და რა თქმა უნდა შევინარჩუნებთ ყველა თანამშრომელს. არავითარი მღელვარების საფუძველი ჩვენ არ გვაქვს” – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმების აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ისინი მოითხოვენ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, რათა მიიღონ პასუხები კითხვებზე, რა ბედი ელით მათ შენობის დემონტაჟის შემთხვევაში.