ავდეევკაზე ოკუპანტების იერიშს 5 თვის ჩვილი და მისი ბებია ემსხვერპლა

უკრაინაში, ქალაქ ავდეევკაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების იერიშს, 5 თვის ჩვილი და მისი ბებია ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო Telegram-ზე ავრცელებს.

„პოლიცია გუშინაც იყო მისული მათთან ოჯახში. ჩვილის დედას ესაუბრნენ, რომ დაეტოვებინათ ქალაქი, მაგრამ სამწუხაროდ, საუბარმა შედეგი არ გამოიღო – ქალმა უარი გვითხრა უფრო უსაფრთხო ადგილას გადასვლაზე. დღეს კი ეს გამოუსწორებელი რამ მოხდა. სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანი დღემდე ფიქრობს, რომ ევაკუაცია არ არის საჭირო, მაგრამ დღეს ეს ერთადერთი რამაა, რასაც სიცოცხლეების შენარჩუნება შეუძლია“ – წერს კირილენკო.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მონაცემებით, ბოლო დღეებში, რუსეთისთვის პრიორიტეტულია დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის ალყაში მოქცევის ოპერაცია.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ჯარმა ჯავშანტექნიკის დიდი დანაკარგის ფასად, მხოლოდ უმნიშვნელო პროგრესს მიაღწია.