ლაზარე გრიგორიადისის დასახმარებლად 4 საათში 20 ათასი ლარი შეგროვდა

ლაზარე გრიგორიადისისა და მისი ოჯახის დასახმარებლად, მხოლოდ 4 საათში თითქმის 20 ათასი ლარი შეგროვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აქტივისტი სალომე ბარკერი სოციალურ ქსელში ავრცელებს:

„ახლა საღამოს შვიდი საათია, დღეს, სამზე დავიწყე ლაზარესთვის ფულის შეგროვება (ადვოკატის და სხვა ხარჯებისთვის) და ამ ოთხ საათში შეგროვდა სრული თანხა და ოდნავ მეტიც. ჯამში – 20,000-მდე ლარი! (19,175 უფრო ზუსტად)

რომელსაც, რა თქმა უნდა მთლიანად ვურიცხავ ლაზარეს ბაბუას. ადვოკატის ხარჯების გარდა, რაშიც ლაზარეს დასჭირდება იმაში მოიხმარს.

მთელი ოჯახი შოკშია, უდიდეს მადლობას გითვლიან ყველას, რომ არ დატოვეთ მარტო ეს ბიჭი.

მადლობის მეტი რა მეთქმის მეც, მადლობა, რომ არასდროს გეზარებათ თქვენი პოზიციის გამოხატვა, ყველას გვესმის, რომ ეს ყველაფერი თანხის ჩარიცხვით არ მთავრდება, ჩვენ ყველას გვინდა უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება და ამ ქვეყანას აუცილებლად ერთად ავაშენებთ, ზუსტად ასე, როგორც დღეს მოვინდომეთ.

დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, მე აქციაზე მივდივარ, იმედია იქაც გნახავთ ბევრს, ბაბუს რომ შევეხმიანები, გაგაგებინებთ ყველაფერს“ – წერს სალომე ბარკერი.

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია შემდეგ ანგარიშზე:

  • TBC #GE78TB7112245061600015
  • BOG #GE20BG0000000389537900
  • Paypal paypal.me/salomebarker
  • მიმღები: სალომე ნიკოლეიშვილი
  • დანიშნულება: ლაზარესთვის

შეგახსენებთ, გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. უწყება 21 წლის აქტივისტს „რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმასა და სხვისი ნივთების დაზიანებას ედავება.

შსს-ს განცხადებით, მან 7 მარტს ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი სამართალდამცველების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. ასევე, დაწვა პოლიციის კუთვნილი ავტომობილი.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.