„ციხეები გადავსებულია, შევქმნით კანონპროექტს, რომელიც სასჯელის 1/4 დაკლებას ითვალისწინებს” – ალექსანდრე კობაიძისა და გიორგი კვაბზირიძის საკანონმდებლო ინიციატივა

ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ და უფლებადამცველმა გიორგი კვაბზირიძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და ამნისტიის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ პენიტენციური დაწესებულებები გადავსებულია პატიმრებით და დადგა დრო სახელმწიფომ გამოაცხადოს ამნისტია, რომელიც 1/4 სასჯელის დაკლებას ითვალისწინებს.

„ვფიქრობთ, დადგა დრო სახელმწიფომ მიიღოს ჰუმანული აქტი (ამნისტია),  ვინაიდან ციხეები გადავსებულია, უამრავი პატიმარი იხდის კონკრეტული დანაშაულისთვის სასჯელს და ამისთვის აუცილებელია, სახელმწიფომ გამოიჩინოს ჰუმანურობა. ჩვენი ინიციატივაა, შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც, ჩვენ შევქმნით კანონპროექტს. კანონპროექტი 1/4 სასჯელის დაკლებას ითვალისწინებს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, აღნიშნულ კანონპროექტზე, რაც შეიძლება მალე მოხდეს ფოკუსირება და საკანონმდებლო ორგანოს მივმართოთ. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა არის ჰუმანური, არ არის პარტიული და ვფიქრობ, პირველ რიგში ხელისუფლება დაინტერესდება აღნიშნული ჰუმანური აქტით. ჩვენ მზად ვართ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რაც შეიძლება მეტი ჰუმანური აქტი იქნას მიღებული” – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ  „მედიაცენტრ მთავარში“.