„თუ არ დატოვებთ თანამდებობას, ეს იქნება ღია შეტყობინება, რომ არ გაინტერესებთ ქვეყანას ექნება კორუმპირებული თუ სამართლიანი მართლმსაჯულება” – ალექსანდრე კობაიძე სანქცირებულ მოსამართლეებს

უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოსამართლეების დასანქცირებას.

ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სანქცირებული მოსამართლეები არ დატოვებენ თანამდებობებს, ეს იქნება ღია შეტყობინება, რომ მათ არ აინტერესებთ ქვეყანას ექნება კორუმპირებული თუ სამართლიანი მართლმსაჯულება.

„როგორც უკვე თქვენთვის გახდა ცნობილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაგიწესათ, როგორც თქვენ, ისე თქვენი ოჯახის წევრებს. აღნიშნული ფაქტი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ თქვენ, როგორც სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები კორუმპირებული სასამართლოს ლიდერები ხართ და პირადი ინტერესებისთვის იყენებთ მართლმსაჯულების სისტემას, რასაც თქვენთვის შედეგად მოაქვს მატერიალური სარგებლის ან/და სხვა გამორჩენის მიღება. თქვენმა კორუმპირებულმა ქმედებებმა გამოიწვია სასამართლო სისტემის არაეფექტური მართვა, რაც აისახა როგორც სასამართლოში თქვენთან დაახლოებული არაკვალიფიციური კადრების დანიშვნაში, ასევე, საქმეთა განხილვის გაჭიანურებაში, მოსამართლეებზე ზემოქმედებაში და შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეების დაზარალებაში.
თქვენმა კორუმპირებულმა ქმედებებმა ხელი შეუწყო მესამე ხელისუფლების არაეფექტურობას, რამაც სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლის საფრთხე შექმნა.
თქვენს მიერ განხორციელებული სანქციები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სასამართლო დამოუკიდებელი არც ბოლო წლების განმავლობაში ყოფილა და აღნიშნული სწორედ თქვენი ბრალეულობით ხორციელდება.
დღევანდელი პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ არ აღიქვამთ აღნიშნული სანქციების მნიშვნელობას და საჯაროდ აცხადებთ, რომ ამით თქვენს საქმიანობაში არაფერი შეიცვლება. სინამდვილეში კი – თუ კვლავ გააგრძელებთ საქმიანობას და არ დატოვებთ თანამდებობას, ეს იქნება ღია შეტყობინება, რომ თქვენ არ გაინტერესებთ თქვენს ქვეყანას ექნება კორუმპირებული თუ სამართლიანი მართლმსაჯულება. თქვენთვის პრიორიტეტი იქნება პირადი კეთილდღეობა და სახელმწიფოსა და ქართული სასამართლოს რეპუტაცია და მომავალი არ იქნება ანგარიშგასაწევი.
თქვენი ამგვარი ქმედება ჩრდილს მიაყენებს საქართველოს სახელმწიფოს სანდოობას და დემოკრატიის ინდექს. ასევე, სანდოობას დაკარგავთ როგორც თქვენ, ისე თქვენი დანიშნული მოსამართლეები.
გარდა აღნიშნულისა, თქვენი, როგორც სანქცირებული მოსამართლის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქისათვის არ იქნება ლეგიტიმური და თქვენი თანამდებობაზე ყოფნა კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს სასამართლო სისტემისადმი უნდობლობას.
აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ დატოვოთ თანამებობა” – წერს ალექსანდრე კობაიძე სოციალურ ქსელში.