„ჩემი პირველი შენატანი 100 000 ლარი იქნება” – მამუკა ხაზარაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დახმარების ფონდის შექმნას ითხოვს

პარტია „ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ხელისუფლებას მიმართავს, შეიქმნას სპეციალური ფონდი აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად.

მისივე განცხადებით, მზადაა პირადად მიიღოს მონაწილეობა ფონდის დაფინანსებაში და მისი პირველი შესატანი 100 000 ლარი იქნება.

„აქონდროპლაზიით დაავადებული 12 ბავშვი დაფინანსების მოლოდინშია. ამ დაფინანსებაზეა დამოკიდებული მათი სიცოცხლე და ეს საკითხი სასწრაფო გადაწყვეტას მოითხოვს.

მივმართავ მთავრობას, შეიქმნას სპეციალური ფონდი, სადაც სახელმწიფო, კერძო ბიზნესი და მოქალაქეები ერთობლივად შეიტანენ ფინანსურ წვლილს ამ ბავშვების გადასარჩენად. მზად ვარ, პირადად მივიღო მონაწილეობა ამ ფონდის დაფინანსებაში.

არის საკითხები, რომლებიც ყველანაირ პოლიტიკაზე მაღლაა. მოდით, ვისწავლოთ ასეთი საქმეების ერთობლივად კეთება პოლიტიკის გარეშე, ვისწავლოთ გაერთიანება პრობლემის გარშემო, ვისწავლოთ ერთად სიკეთის კეთება.” – წერს მამუკა ხაზარაძე.