“ტელეკომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის ძალადობას და არ განიხილავს ნაკაიძესთან თანამშრომლობის აღდგენას” – “მთავარი არხის” განცხადება

ყოფილი ტელეწამყვანისა და ჟურნალისტის, ლაშა ნაკაიძის საქმესთან დაკავშირებით “მთავარი არხი” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვეხმაურებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ლაშა ნაკაიძის საქმეზე 11 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებას.

“მთავარი არხის” ყოფილი წამყვანი და ჟურნალისტი ლაშა ნაკაიძე სასამართლომ გაამართლა გაუპატიურებისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებებში. ამავე დროს, ის დამნაშავედ იქნა ცნობილი ძალადობასა და მუქარაში და მიესაჯა ერთწლიანი პატიმრობა.

“მთავარი არხი” რჩება თავდაპირველ პოზიციაზე, რომელიც გაჟღერდა ლაშას დაკავებისთანავე – ტელეკომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის ძალადობას და არ განიხილავს ნაკაიძესთან თანამშრომლობის აღდგენის საკითხს.

ჩვენ ვალდებულნი ვართ, ვიხელმძღვანელოთ ამ ეტაპზე არსებული განაჩენით.” – ნათქვამია განცხადებაში.