მოსწავლის სტატუსის შეჩერების ახალი წესი დამტკიცდა

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების ახალი წესი დამტკიცდა, მისი წინამდებარე 2012 წელს მიღებული კი ძალადაკარგულად გამოცხადდა. ბრძანებას ხელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აწერს.

მოსწავლის სტატუსის შეჩერება
1. სკოლა ვალდებულია დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეს შეუჩეროს მოსწავლის სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ:
ა) მოსწავლე 90 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ ცხადდება სკოლაში და არ იღებს შეფასებას;
ბ) მოსწავლე მიემგზავრება/გაემგზავრა საზღვარგარეთ და მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლას;
გ) სკოლაში 12 წლის სწავლის შემდეგ მოსწავლემ ვერ დაძლია ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე, არ აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული დაფინანსება და სტანდარტული ვაუჩერის შესაბამის თანხას არ შეიტანს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე;
დ) არასრულწლოვანი მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი/სრულწლოვანი მოსწავლე სკოლას მიმართავს სტატუსის შეჩერების შესახებ განცხადებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით მოსწავლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, სკოლის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მოსწავლის სტატუსის შეჩერების თაობაზე.
3. სკოლა ვალდებულია, მოსწავლის სტატუსის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ორი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აქტი და ინფორმაცია მოსწავლის სტატუსის შეჩერების შესახებ ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში.
4. მოსწავლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საუძველზე, მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს გადაეცემა მოსწავლის პირად საქმეში არსებული მოსწავლის დაბადების მოწმობის დედანი (არსებობის შემთხვევაში) მოსწავლის სტატუსის შეჩერების პერიოდით, ხოლო პირად საქმეში რჩება მოსწავლის დაბადების მოწმობის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი.

კომენტარის დატოვება