ფინანსთა მინისტრის მოადგილის რჩევები გალარების პროგრამასთან დაკავშირებით

17 იანვრიდან საქართველოში იპოთეკური სესხების გალარების ერთჯერადი პროგრამა იწყება. პროცესთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა ამბობს, რომ პროგრამაში მონაწილეობით მსესხებელი საკუთარი დოლარში არსებულ სესხის ლარში გადაყვანას შეძლებს შეღავათიანი პირობებით და არ გადაიხდის წინსწრებით დაფარვის საკომისიოს. მისივე თქმით ბანკის პროცენტი იქნება საბაზრო და თუკი მისი მომსახურე ბანკის პირობები მსესხებელს არ დააკმაყოფილებს, მას შეეძლება სათანადო ხელშეკრულება იმ საფინანსო ორგანიზაციაში გააფორმოს, რომელიც მის ინტერესებს უკეთ დააკმაყოფილებს. გალარების პროგრამა მას არ შეზღუდავს პარტნიორი ბანკის არჩევაში.

დღეის მდგომარეობით, ლარით გაცემული ცვლად პროცენტიანი იპოთეკური სესხების საბაზრო პროცენტი 10%-ის ფარგლებშია. დღევანდელი პირობებით, აღნიშნული პროცენტის გაზრდა მოსალოდნელი არ არის. მით უფრო, რომ საქართველოს საბანკო სექტორში კონკურენციაა.

გალარების პროგრამა ერთჯერადია და მხოლოდ 2 თვე გაგრძელდება.

ლარის სესხი იძლევა სავალუტო რისკისგან დაზღვევის საშუალებას.

-“ყველას, ვისაც პროგრამა შეეხება, ვურჩევდი, სესხების გალარების პროგრამაში მონაწილეობას.

ჯერ ერთი იმიტომ, რომ მთავრობის შეთავაზება მხოლოდ 2 თვე გრძელდება. ამდენად, თუკი ბანკმა განსაზღვრულ 5-დღიან ვადაში არ დაგირეკათ ან SMS არ გამოგიგზავნათ, აუცილებლად თავად მიდით ბანკში, თუკი მიიჩნევთ, რომ პროგრამის პოტენციური მონაწილე ხართ.

მეორეც, თუკი აქამდეც გქონდათ სურვილი, თქვენი სადოლარე სესხი ლარში გადაგეყვანათ, ამისთვის ბანკი საკომისიოს გადაგახდევინებდათ. პროგრამა ამ ვალდებულებისგანაც გაგათავისუფლებთ.

მესამეც, გაქვთ შეარჩიოთ ნებისმიერი ბანკი რომელიც საუკეთესო პირობებს შემოგთავაზებთ. საქართველოს საბანკო სექტორში საკმაოდ მაღალი კონკურენციაა და ვთვლით ბანკები მსესხებლებს კარგ პირობებს შესთავაზებენ“-ურჩევს მოსახლეობას მინისტრის მოადგილე.

 

კომენტარის დატოვება