საბანკო სექტორი მზად არის გალარების პროგრამის ხარვეზების გარეშე მომსახურებისთვის

სესხების გალარების სამთავრობო პროგრამა 17 იანვარს დაიწყო და ორი თვეს გაგრძელდება. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მათ, ვინც უძრავი ქონების უზრუნველყოფით აშშ დოლარში საბანკო სესხი 2015 წლის 1-ელ იანვრამდე აიღო. გარდა ამისა, მისი წლიური შემოსავალი 2015 წლისათვის 100,000 ლარზე მეტი არ უნდა იყოს,  სესხის ნარჩენი ორდენობა კი 100,000 აშშ დოლარს არ უნდა აღემატებოდეს.

მაქსიმალური თანხა, რომელსაც გალარება შეეხება, 40,000 აშშ დოლარია.

როგორც საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი  ზურაბ გვასალია აცხადებს, უკვე  100-ზე მეტმა საკუთარი სადოლარე სესხი გაალარა. საშუალო პროცენტი, რომელიც გალარებისას დაფიქსირდა, 10-11 პროცენტია.

“ვფიქრობთ, გალარების პროგრამით პოტენციური მონაწილეების მაქსიმალური რაოდენობა ისარგებლებს. მხოლოდ სამი დღეა გასული, ბანკებში კი არ წყდება სატელეფონო ზარები, ხოლო მიმართვიანობამ 2000-ს გადააჭარბა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბანკებს ჯერ არ დაუსრულებიათ გალარების პროგრამის პოტენციური მონაწილეების მოკლე ტექსტური შეტყობინებებით ინფორმირება. მოსახლეობა ძალიან აქტიურია, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ მათთვის საინტერესო და მისაღებია საბანკო სესხების იმ ვალუტაში გადმოტანა, რომელშიც შემოსავალი აქვს. აღნიშნული აქტივობით მოსახლეობამ გამოხატა საკუთარი პოზიტიური დამოკიდებულება გალარების პროგრამის მიმართ. საქართველოს საბანკო სექტორი მზად არის, გალარების პროგრამის ხარვეზების გარეშე მომსახურებისთვის.“ – განაცხადა ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა.

კომენტარის დატოვება