ბათუმში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნა
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტ ანზორ ჩუბინიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს სამსახურის დაარსებიდან 30 წლის იუბილე მიულოცა.
,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 30 წელი გავიდა. ვულოცავ სამსახურის ხელმძღვანელობას, თითოეულ თანამშრომელს სამსახურის 30 წლის იუბილეს.
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დიდი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარების პროცესში. მადლობა ღირსეული, თავდადებული სამსახურისთვის” – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას.
ბათუმში გამართულ შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და ქალაქ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე წარმატებული თანამშრომლები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 1994 წელს დაარსდა. დღეის მდგომარეობით უწყება 13 სტრუქტურულ ერთეულ და 2 საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აერთიანებს. სამსახურის ძირითად საქმიანობას უმაღლესი თანამდებობის პირების, კრიტიკული მნიშვნელობის სახელმწიფო ობიექტებისა და ქვეყანაში ვიზიტად მყოფი უცხო ქვეყნის პირველი პირების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს.