2024 წლის ივნისში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა
2024 წლის ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა, ხოლო, იანვარ-ივნისში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 9.0%-ს გაუტოლდა. 2024 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდა 8.4%-ს, ხოლო მეორე კვარტლის ეკონომიკური ზრდა 9.5%-ს გაუტოლდა.
ივნისში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 10.7%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 5,524 ერთეულს გაუტოლდა.
2024 წლის ივნისში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების; მშენებლობის; ინფორმაციისა და კომუნიკაციის; ტრანსპორტისა და დასაწყობების; განათლების; პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობებისა და დახელოვნება, გართობა და დასვენების სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ.
ივნისში ეკონომიკურ ზრდას ხელის შეუწყო საქონლის ექსპორტის, განსაკუთრებით ადგილობრივი ექსპორტისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდამ. 2024 წლის ივნისში ექსპორტი 5.8%-ით გაიზარდა და 582.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რე-ექსპორტის გამოკლებით) კიდევ უფრო მეტად 11.3%-ით გაიზარდა და მოცულობა 270.2 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.
აღნიშნული ტენდენციების გათვალისწინებით 2024 წელს ეკონომიკური აქტივობა იმაზე მაღალი იქნება ვიდრე ამას წლის დასაწყისში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებდნენ.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად. სავალუტო ფონდის ივნისის განახლებული პროგნოზების თანახმად, 2024-2029 წლებში საშუალოდ საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მეზობელ, რეგიონის, ევროკავშირის კანდიდატ და ზოგადად ევროპის ქვეყნებს შორის 5.1%-ის ოდენობით.