ერთი წელი გავიდა შოვის ტრაგედიიდან
„ერთი წელი გავიდა შოვის ტრაგედიიდან. დღეს, აქ, ჭირისუფლებთან, გლოლის მოსახლეობასთან, მთლიან საქართველოსთან ერთად ვართ და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ერთი წლის წინ ამ სტიქიას შეეწირა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, შოვში, ტრაგედიის ადგილზე ტაძარი აშენდება.
„როგორც იცით, ამ ადგილზე დაგეგმილია მემორიალის დადგმა, ასევე ეკლესიის აგება, რომ მათი სულის მოსახსენიებელი ადგილი იყოს და ამავე დროს, ადგილი, რაც შესძენს ამ გარემოს დამატებით სულიერებას. ჩვენ გვახსოვს ის მძიმე დღეები, მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენო ჩვენი მაშველების მუხლჩაუხრელი მუშაობა. 33 ადამიანი ემსხვერპლა სტიქიას, ამას გარდა, დაიღუპა ერთი პოლიციელი, მირიან ჭელიძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენელი თემურ ხარჩილავა გარდაიცვალნენ მაშინ, იმ პროცესში, როდესაც ძებნის ღონისძიებები მიდიოდა. გვახსოვს, მაშინ გაერთიანებული საქართველო, ყველა როგორ ვგულშემატკივრობდით სამაშველო სამუშაოებს, კიდევ ერთხელ მინდა, ყველა მაშველს მადლობა გადავუხადო, რომელიც მაშინ, მთელი აგვისტო-სექტემბრის განმავლობაში, ორ თვეზე მეტი დაუღალავად შრომობდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძესთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დღეს შოვში იმყოფებოდა.
ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა სასულიერო პირებთან ერთად ტრაგედიის მსხვერპლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა და 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის საძირკველი აკურთხა.