რეგიონი

რას მოხმარდა შატილის კოშკებისთვის გამოყოფილი 463 932  ლარი

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ეხმაურება ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ შატილის კოშკები ზიანდება და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ყურადღების მიღმა ტოვებს მათ სავალალო მდგომარეობას.
„საზოგადოებას გვინდა, მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია 2022-2024 წლებში დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე შატილის ციხე-კოშკების რეაბილიტაციის შესახებ. 2022-2023 წლებში ციხე-კოშკების გადასარჩენად სააგენტომ 463 932  ლარი გამოყო. კერძოდ, 2022 წელს აღდგა N12-13 და N14 კოშკებს შორის გადასასვლელი ორი ბანი. ციხე-სახლის ბანის საყრდენი კედლის აღდგენა მოხდა ახალი სიპი ქვით (განსაკუთრებულად რთული წყობით). გადახურვის კოჭები აღდგა ხის მორებით და მოეწყო გადახურვის ხის ნახევარკავები, კავებზე კი განთავსდა ფიცრის ფენილი, გაკეთდა ხის მასალის ანტისეპტირება და ცეცხლდაცვა, ასევე – ბანის ჰიდროიზოლაცია. ციხე-სახლის ბანის პერიმეტრზე ფიქლის ქვით მოეწყო საპირე კარნიზი და თავად ბანზე კი დატკეპნეს თიხის ფენა.
2022-2023 წლებში ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, სოფელ შატილის, №4, 5, 20, 23, 24, 25, 26 და N52 ციხე-სახლებს გადახურვების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, რაც გულისხმობდა სახურავების წმენდას მცენარეული საფრისა და გრუნტისგან. მოიხსნა დაზიანებული თიხატკეპნილი და ამორტიზებული აივანი, ასევე – რულონური გადახურვა.  ახალი მასალის გამოყენებით გადაეწყო ფიქლის ქვის ლავგარდანი და სხვა.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში გახლდათ N20 ციხე-სახლი, რომლის საყრდენი კლდოვანი ქანი მოწყვეტილი იყო და კოშკის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარე კი მორღვეული.
არქიტექტორ-რესტავრატორებისა და კონსტრუქტორების ზედამხედველობით ხარაჩოს მოსაწყობად დროებითი საძირკველი მომზადდა მონოლითური ბეტონის ფილისგან, არასტანდარტული ინვენტარული ხარაჩო დამონტაჟდა ლითონის მილებისგან. ამის შემდეგ კოშკის კედლები გაძლიერდა მჭიმებით და ლითონის ელემენტები დაიფერა.
2024 წელს სააგენტოს დაკვეთით კვლავ დაგეგმილია სოფელ შატილის ოთხი კოშკის საფუძვლიანი რეაბილიტაცია და ამჟამდაც მიმდინარეობს შესაბამისი სატენდერო პროცედურები.
აქვე აღვნიშნავთ, რომ შატილის ციხე-კოშკების რეაბილიტაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო წინასწარ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის მიხედვით ახორციელებს.“ – ნათქვამია განცხდებაში.