პოლიტიკა

როგორ აპირებს ცესკო 26 აგვისტოს არჩევნებისთვის პერიმეტრზე შეჭრის მცდელობების აღკვეთას

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი აქტიურ ფაზაშია და საარჩევნო ადმინისტრაცია ამ მიზნით სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს. სწორედ ამ არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს ცესკოში 16 აგვისტოს გამართულ სხდომაზე, რომელზეც კომისიის ზოგიერთი წევრის მხრიდან საარჩევნო გარემოს დამაზიანებელი, მანიპულაციური განცხადებები და შეფასებები გაკეთდა.

საქმე ეხება მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ცესკოს მიმდებარე ტერიტორიის ნაწილზე ახალი ღობეების ინსტალაციის საკითხს. აღნიშნული პროექტის შედეგად მოეწყო სასაწყობე ინფრასტრუქტურა და სხდომათა დარბაზი, რეაბილიტაცია გაეწია საპარკინგე სივრცეს და მიმდებარე ტერიტორიას, განხორციელდა გზის ახალი საფარის დაგება და მოწესრიგდა შენობის მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვის საკითხი.

ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს ითვალისწინებს და უნდა ითვალისწინებდეს კიდეც უსაფრთხოების სტანდარტებს. საკმარისია გავიხსენოთ 2020 წელს ცესკოს თავმჯდომარის შემაჯამებელი ბრიფინგის ჩაშლის და ცესკოში შეჭრის მცდელობები, რომელშიც სამწუხაროდ, ცესკოს ყოფილი და მოქმედი წევრებიც მონაწილეობდნენ.

შესაბამისად, უსაფრთხოების მიზნით შენობის გარკვეული ნაწილის პერიმეტრზე ახალი ღობის ინსტალაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია დაწესებულების უსაფრთხოების გასაძლიერებლად და მისი მოდიფიცირება თავის მხრივ პასუხობს უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებს. მოდერნიზებული ინფრასტრუქტურა ასახავს პროაქტიულ მიდგომას თანამშრომლების და შენობის დასაცავად, რაც უზრუნველყოფს როგორც დაწესებულებაში, ისე მის გარე პერიმეტრზე უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას.