პოლიტიკა

რა საკითხები განიხილა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე?!

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის დღევანდელი სხდომა მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებსა და უმუშევრობის შემცირებაზე საუბრით დაიწყო.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მეორე კვარტლის მონაცემებით უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა და 13,7%-ს შეადგენს, მეტი დასაქმებული კი ნიშნავს ბიუჯეტში შეტანილ მეტ გადასახადს, რაც მთავრობას ახალი პროექტების განხორციელების საშუალებას მისცემს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს ახლად აშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პროექტი გაგრძელდება და შესაბამისი თანხა მომავალი წლის ბიუჯეტშიც იქნება გათვალისწინებული.
მთავრობამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება კახეთის გზატკეცილზე მეფე ერეკლე მეორის ძეგლის აღმართვასთან დაკავშირებით. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ხელისუფლების ვალია, სათანადო პატივი მიაგოს საქართველოს ისტორიას და ყველა გმირს.
მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა განკარგულება, რომლის საფუძველზეც ოლიმპიელები დაპირებულ პრემიებს მიიღებენ. გაზრდილი პრემია გადაეცემათ ოლიმპიელების მწვრთნელებს, ექიმებსა და ადმინისტრაციული ჯგუფის წევრებს. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ნინო სალუქვაძე და ლაშა შავდათუაშვილი წარდგენილნი იქნებიან წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე, ხოლო ღირსების ორდენზე იქნებიან წარდგენილნი გურამ თუშიშვილი და ლაშა მარგველაშვილი, ასევე – ოლიმპიური ჩემპიონებისა და პრიზიორების მწვრთნელები.
მთავრობის მეთაურმა დღესვე იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა კოტე პეტრიაშვილს, ხოლო ვიცე-ჩემპიონობა – ნიკოლოზ მაისურაძეს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ქართული სპორტი წარმატების გზაზეა და ამ ტენდენციის ხელშეწყობისთვის ყველაფერი გაკეთდება.