ეკონომიკა

ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალური პროგრამებზე 2 მლრდ 800 მლნ ლარი დახარჯა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების შესახებ ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია მოისმინეს.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ იანვარ-ივნისის მაკროეკონომიკური მიმოხილვის შემდეგ, კომიტეტის წევრებს ექვსი თვის ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების, ასევე ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესახებ ინფორმაცია გააცნო.
მომხსენებლის ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდის დინამიკა, წინა წლების მსგავსად, წელსაც გრძელდება და უკვე შვიდი თვის მონაცემებით 9.7%-ს მიაღწია, საშუალო ინფლაცია 0,9%-ია. ნაერთი ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი 104,5%-ია, სახელმწიფო ბიუჯეტის – 104,3%.
ამგვარად, ექვსი თვის მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 10 მლრდ 902 მლნ 546,5 ათასი ლარი შემოსავალი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 104.3%.
გიორგი კაკაურიძემ ისაუბრა ასევე ცალკეული მხარჯავი სუბიექტების, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ექვსი თვის ბიუჯეტის შესრულების თაობაზე.
მისი ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ბიუჯეტის ჯამური შესრულება თითქმის 100%-ია.
სოციალური პროგრამების კუთხით გაწეული ხარჯი შეადგენს 2 მლრდ 800 მლნ ლარს – შესრულების მაჩვენებელი 100%, ჯანდაცვის მიმართულებით გაწეული ხარჯი 851 მლნ ლარია – 100,4%, დასაქმებისა და შრომის მიმართულებით ათვისებულია 58 მლნ ლარი – 99,7%, იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობის კუთხით 117 მლნ ლარამდეა ათვისებული და შესრულების მაჩვენებელი – 99,9%-ია.
„ამგვარად ყველა უწყებაში დადებითი ტენდენციაა და ბიუჯეტის შემოსავლების კუთხით კარგი მდგომარეობაა, ხარჯვის მიმართულებითაც მნიშვნელოვანი შეფერხებები არ არის. ვფიქრობ, რომ საკმაოდ წარმატებით დავასრულებთ წელს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
კომიტეტმა წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო.