ეკონომიკა

რა მიზნით ჩავიდა ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ყაზახეთში?!

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-12 სხდომას დაესწრო, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართა.
სხდომა ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრ მარატ კარაბაევის თანათავმჯდომარეობით ჩატარდა. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს ეკონომიკური თანამშრომლობის ორმხრივი კომისიის, როგორც საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, დარგობრივი კავშირების გამყარების ეფექტური და წარმატებული პლატფორმის მნიშვნელობას.
„ჩვენი ქვეყნები წლების განმავლობაში ვმუშაობდით ერთად და ვთანამშრომლობდით, დღევანდელი შეხვედრა ამ პარტნიორობის გაღრმავებისკენ მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯია. საქართველოს მდებარეობა – ევროპის და აზიის გზაგასაყარზე ყოველთვის იყო ხელშემწყობი ფაქტორი რეგიონში ვაჭრობის, ეკონომიკური კავშირების განვითარებისთვის. მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ ვიყენებდით ამ უპირატესობას ჩვენი ქვეყნის დინამიურ და ღია ეკონომიკად ჩამოყალიბების მიზნით. ყაზახეთი მისი მდიდარი რესურსებით, ცენტრალურ აზიაში სტრატეგიული მდებარეობით საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენი ქვეყნები არამხოლოდ გეოგრაფიულად არიან ახლოს, არამედ გლობალური ინტეგრაციის, ეკონომიკური განვითარების და რეგიონული სტაბილურობის ერთგულების თვალსაზრისითაც“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
კომისიის სხდომამ დღეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების ფართო სპექტრი განიხილა – ვაჭრობა, ინვესტიციები, ტურიზმი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, მრეწველობა, ინფორმაციული ტექნოლოგიები და ინოვაციები, მათ შორის ევროპასა და აზიას შორის ციფრული კორიდორის განვითარების საკითხი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორმხრივ და რეგიონულ თანამშრომლობაზე ტრანსკასპიურ სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროექტებში მონაწილეობით, მათ შორის „შუა დერეფნის“ შემდგომი განვითარებისა და მასში დამატებითი ტვირთების მოზიდვის კუთხით. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს „შუა დერეფნის“ განვითარების საგზაო რუკის განხორციელების მნიშვნელობას.
სხდომის მიმდინარეობისას ორი ქვეყნის გამომსვლელთა მხრიდან აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და ყაზახეთს შორის სხვადასხვა სექტორში სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე, მათ შორის – სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი 2023 წელს წინა წელთან შედარებით, 168 პროცენტით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ყაზახეთი 2023-2024 წლებში საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მე-8 ადგილს იკავებს. მხარეებმა ასევე დადებითად შეაფასეს თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში – 2023 წელს საქართველოში ყაზახეთიდან ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39 პროცენტით გაიზარდა. დადებითი დინამიკა 2024 წელსაც გრძელდება – საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორთა რაოდენობით ყაზახეთი მე-4 ადგილზეა.
საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-12 სხდომა ოქმზე ხელმოწერით დასრულდა. ამასთან, სხდომის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ყაზახეთის მეწარმეობის განვითარების ფონდ „დამუსა“ და საქართველოს განვითარების ფონდს შორის. მემორანდუმის მიზანია, ორი ფონდის თანამშრომლობა მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის და ერთობლივი პროექტების შექმნის მიმართულებით.
კომისიის სხდომის მუშაობაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ, საქართველოს განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქპატენტის წარმომადგენლებმა.