ეკონომიკა

IDFI: საქართველოში რუსული კომპანიების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს

უცხოელი დონორების მიერ ფინანსირებული ორგანიზაცია IDFI ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც ეხება რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიებს საქართველოში – კავშირებს და რეგისტრაციის თავისებურებებს. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიების რაოდენობის ზრდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების და საქართველოში რუსი მიგრანტების შემოსვლის შემდეგ დაიწყო. რუსული მსხვილი კომპანიები ქართულ ეკონომიკაში ხშირ შემთხვევაში ოფშორული ან შუამავალი კომპანიების მეშვეობით ხვდება, რაც ართულებს იმის დაზუსტებას თუ კონკრეტულად ვინ დგას ამა თუ იმ კომპანიის უკან. ამასთან, არის შემთხვევები, როდესაც საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის, ან მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირების მფლობელობაში არსებული კომპანიები სტატისტიკის სამსახურის ოფიციალურ მონაცემებში აღრიცხული არ არის, – რაც ასევე იწვევს უზუსტობას იმასთან დაკავშირებით, თუ რა რაოდენობის რუსული კომპანია ოპერირებს საქართველოში და როგორია მათი საქმიანობის სფერო. ამასთან, ათასობით რუსული შპს-სა და ინდ.მეწარმის როგორც იურიდიული, ასევე ფაქტობრივი მისამართის მიკვლევადობა შეუძლებელია, რადგან რეგისტრაციისას ისინი ერთსა და იმავე იურიდიულ მისამართებს იყენებენ, რომლებზეც შენობა-ნაგებობა ან საერთოდ არ არის განთავსებული, ან ტერიტორია მხოლოდ რამდენიმე კვ.მ-ია.

რუსული მსხვილი კომპანიები გვხვდება ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში, მათ შორის, ენერგეტიკაში, ტელეკომუნიკაციებში, მრეწვლობაში, სათამაშო ბიზნესში, და ა.შ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2024 წლის 1-ლი ივნისის მდგომარეობით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაშია 37,400 -მდე კომპანია (მათ შორის, 494 საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე), საიდანაც 30,000-ზე მეტი კომპანია 2022 წლის შემდგომ არის დარეგისტრირებული. რეგისტრირებული კომპანიებიდან აქტიური სტატუსი 20,885-ს აქვს. საქართველოში ჯამში აქტიური სტატუსის მქონე კომპანიების რაოდენობა 257 245-ია, გამოდის რომ მათგან 8.1% რუსეთთან არის დაკავშირებული.

რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების მონაცმეთა ბაზა, ასევე ნაწილობრივ ფარავს საქართველო/რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების მიერ დაფუძნებულ კომპანიებს. კერძოდ, ამ კომპანიებიდან ჯამში 494 საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების მიერ არის დაფუძნებული, აქტიური სტატუსის მქონე კომპანიებიდან კი 100. მათ შორის, მაგალითად გვხვდება შპს “ქართული ოცნება”, რომლის საქმიანობაა ხმის ჩაწერის და მუსიკალური ჩანაწერების საგამომცემლო საქმიანობები. კომპანიის 100%-ს ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ფლობს და საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერით, რომელიც 2018 წლით თარიღდება, ბერა ივანიშვილი საქართველო-რუსეთის ორმაგ მოქალაქედ არის რეგისტრირებული.

ორმაგი მოქალაქეების თანამონაწილეობით დაფუძნებული კომპანიების შესახებ ინფორმაცია, მონაცემთა ბაზაში სრულყოფილად არ არის წარმოდგენილი. მაგალითად, მსხვილ კომპანიებს შორისაა უკრაინის მთავრობის მიერ სანქცირებული – საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანია შპს „კ და ქართული სპირტი“. თუმცა, სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით მის მფლობელობაში სხვა არაერთი კომპანიაა, რომელიც არ არის ასახული ბაზაში. მაგალითად, ის არის საქართველოს ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფის Bolero & Company-ის დამფუძნებელი, ასევე, შპს GVMT Group-ის 100%-ის და შპს „ალიანსი და კომპანია”-ს 50%-ის მფლობელი.

ვახტანგ კარიჭაშვილთან დაკავშირებული კომპანიების მენეჯმენტში აქტიურად გვხდებიან „ქართული ოცნების“ დამფინანსებლები. მიკვლეული კომპანიების მენეჯმენტს მმართველი პარტიისთვის ჯამურად 556 000 ლარი აქვთ შეწირული. ამასთან, კომპანიის შვილობილი საწარმოები მილიონობით ლარს იღებენ სახელმწიფოსგან გამარტივებული შესყიდვების სახით – შესყიდვები ძირითადად რთველის სუბსიდირების ფარგლებში ხდება. ჯამში კომპანიასთან დაკავშირებულ მიკვლეულ შპს-ებს 30 მლნ-ის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა უფიქსირდებათ.

კარიჭაშვილი უკრაინამ სანქცირებულ პირთა სიაში 2023 წელს შეიყვანა. სანქცირება მასსა და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნეს კავშირების მოტივით მოხდა. უჩა მამაცაშვილი უკრაინაში ასევე სანქცირებულთა სიაშია, ვახტანგ კარიჭაშვილი კი მასთან ერთად (50%-50%) ფლობს შპს “მელიქიშვილი ინნს”. კომპანია თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე 10-სართულიან სასტუმროს აშენებს. კარიჭაშვილი უჩა მამაცაშვილთან ერთად ფლობს ბრიტანეთში დაფუძნებულ კომპანიას – GWP Wines and spirits limited-საც.

ორმაგი მოქალაქეების გარდა, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების 6%-ის (2,041 კომპანია) თანადამფუძნებელი არის საქართველოს მოქალაქე. მაგალითად, შპს ზუგდიდის საგზაო სამმართველოს 51%-ს ფლობს რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე ივანოვი, 25% -ს საქართველოს მოქალაქე სოსო საჯაია, ხოლო 24%-ს საქართველოს-რუსეთის ორმაგი მოქალაქე ზურაბ ჭანტურია.

რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებულ 34,857 კომპანიის შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს მოქალაქეებთან კავშირი (მფლობელი არ არის ორმაგი მოქალაქე ან თანადამფუძნებელი საქართველოს მოქალაქე). კვლევის ფარგლებში დამატებით გადამოწმდა რამდენად დიდია აღნიშნულ კომპანიების დამფუძნებელ რუსეთის მოქალაქეებში ეთნიკურად ქართველების წილი. IDFI-ს შეფასებით ამ კომპანიებიდან მხოლოდ 4%-ის ( 1,209 კომპანია) დამფუძნებელი რუსეთის მოქალაქის გვარი არის ქართული წარმომავლობის.

რეგისტრირებული აქტიური სტატუსის კომპანიების 89% მცირე ზომისაა, საშუალო და მსხვილი კომპანიების რაოდენობა ჯამში მხოლოდ 0.5%-ია, ხოლო 10.6%-ის შემთხვევაში ეკონომიკური ზომა ჯერ-ჯერობით უცნობია. კომპანიების 93% ინდივიდუალური მეწარმეების მიერ არის დაფუძნებული.

საქართველოში რეგისტრირებული მსხვილი ზომის რუსული კავშირის მქონე კომპანიები სხვადასხვა სფეროებში არიან წარმოდგენილი. მაგალითად, ფინანსურ სექტორს მიეკუთვნება VTB ბანკი, რომლის პორტფელიც უკრაინაში ომის დაწყებისთანავე, მოსალოდნელი სანქციებისგან მომხმარებლების დაცვის მიზნით, სხვა ბანკებზე გასხვისდა.

შპს ჯეთთიქლაუდი IT სფეროში საქმიანობს. კომპანიის 100%-ის მფლობელი რუსეთის მოქალაქე დავიდ სლონიმსკია, რომელმაც საქართველოში კომპანია უკრაინაში ომის დაწყებიდან ორ კვირაში – 2022 წლის 10 მარტს დაარეგისტრირა. კომპანიის წლიურმა მოგებამ 2022 წელს 14.6 მლნ ლარი შეადგინა.

ქართულ ენერგობაზარზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგო. კომპანია ფლობს და აკონტროლებს ელექტროგადამცემ ხაზებს, მათ შორის, იმ ხაზებს, რომლითაც საქართველო ელექტროენერგიას რუსეთიდან იღებს/ან ატარებს. სააქციო საზოგადოება „საქრუსენერგოს“ 50% საქართველოს სახელმწიფოს ეკუთვნის, 50% კი რუსულ კომპანიას – Federal Grid Company of United Energy System.

საქართველოში სხვადასხვა საკვები პროდუქტების იმპორტს და დისტრიბუციას ეწევა შპს კადევე საქართველო, რომლის 100%-ის მფლობელი რუსეთში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება კადევეა. კომპანიის ანგარიშის მიხედვით, ის პროდუქციას აწვდის 7500-ზე მეტ მაღაზიას, რომელთაგან ყველაზე მსხვილი სავაჭრო ქსელებია – „ნიკორა“; „კარფური“; „დეილი“. შპს „კადევე საქართველო“ მომხმარებლებს ამარაგებს 700-მდე დასახელების საკვები პროდუქტით, რომელთა 100%-ის მომწოდებელი არის რუსული სათაო კომპანია სს „კადევე“ .

მსხვილ კომპანიებს შორის გვხვდება შპს ვივამედი, რომლის 100%-ის მფლობელი რუსეთის მოქალაქე ალი თანრივერდიევია, კომპანია 2010 წელს დაფუძნდა და ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო ცენტრებს და საავადმყოფოებს ფლობს – ვივამედს სახელმწიფოსგან გამარტივებული შესყიდვის გზით 25.5 მლნ ლარზე მეტი აქვს მიღებული. აქედან ყველაზე მსხვილი შესყიდვები სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან ფიქსირდება, რადგან უწყებას პატიმრები სამკურნალოდ ძირითადად სწორედ “ვივამედში” გადაჰყავს. ყველაზე მასშტაბური შესყიდვები ბოლო სამი წლის განმავლობაში განხრციელდა – უწყებამ ვივამედს სხვადასხვა მომსახურებებში 2022 წლიდან, 2024 წლის ივნისის ჩათვლით, 8 მლნ ლარი გადაუხადა. ალი თანრივერდიევი “ვივამედის” 100%-ის მფლობელი 2022 წელს გახდა. თანრივერდიევი სამედიცინო ცენტრის 50%-იანი მეწილე 2012 წლიდან იყო.

3 მსხვილი კომპანია აზარტული თამაშების საქმიანობით არის დაკავებული: შპს მარლო (კომპანიის 18%-ს რუსეთის მოქალაქე სამირ მუდუგოვი ფლობს). კომპანია მართავს კაზინო „ბლექ ოპალს“; შპს ქართული კაპიტალ ჯუფი (კომპანიის 40%-ს რუსეთის მოქალაქეები ფლობენ: 13%-ს ეკატერინა ოგოროდნიკოვა ფლობს, 13%-ს ასევე რუსეთის მოქალაქე ოლეგ ანდრეევი, 14%-ს კი ალექსანდ დოროგოვი) კომპანია მართავს კაზინო შანგრილას; შპს როიალ გემბლინგი (კომპანიის 100%-ს რუსეთის მოქალაქე ომარ ალიევი ფლობს, რომელიც ასევე ფლობს კომპანია შპს 8 მაქს გრუპის 47%-ს, რომელიც ასევე აზარტული თამაშების საქმიანობით არის დაკავებული.) კომპანიის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით მისმა წლიურმა მოგებამ 2.8 მლნ ლარი შეადგინა.

რუსეთის მოქალაქეები ყველაზე ხშირად კომპანიების დასარეგისტრირებლად თბილისს ირჩევენ – აქტიური სტატუსის მქონე იურიდიული კომპანიებისა და ინდივიდუალური მეწარმეების თითქმის ნახევარი სწორედ თბილისშია რეგისტრირებული. რაც შეეხება საქმიანობის სფეროს, – ყველაზე მეტი კომპანია IT მიმართულებით არის დაკავებული. რუსეთისთვის სანქციების დაწყებისა და სხვადასხვა სერვისებისა და ტექნოლოგიების შეზღუდვის ფონზე, ქვეყანა ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგის წარმომადგენლების დიდმა დაწილმა დატოვა, – მათმა ნაწილმა კი საქმიანობის გასაგრძელებლად საქართველო აირჩია.

რუსი მეწარმეების ინტერესშია უძრავ ქონებასთან და მშენებლობასთან დაკავშირებული საქმიანობებიც. კერძოდ, 2022 წლიდან მათ 134 უძრავი ქონების სააგენტო დაარეგისტრირეს, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების ყიდვა-გაყიდვისა და მომსახურების სფეროში კი დამატებით რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული 213 კომპანია ოპერირებს. სამშენებლო მასალების მოპოვების/რეალიზაციისა და სამშენებლო სამუშაოების ჩატარების საქმიანობის მიმართულებით 253 კომპანია ფიქსირდება რუსული კაპიტალის მონაწილეობით. მათი ნაწილი აქტიურად იღებს მონაწილეობას სახელმწიფო ტენდერებშიც. კერძოდ, რუსული კომპანიები გვხვდება გზების და ავტობანების მშენებლობის მიმართულებით – მაგალითად – შპს “ზუგდიდის საგზაო სამმართველოს”, რომლის 51%-ს რუსეთის მოქალაქე ალექსანდრ ივანოვი ფლობს, 56 ტენდერი აქვს მოგეული, და ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20,725,249 მლნ აქვს მიღებული. 18 სახელმწიფო ტენდერი აქვს მოგებული სამშენებლო კომპანია “პასაჟი-საქართველოს”, რომელიც რუსულ შპს პასაჟს ეკუთვნის და რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 15 მლნ ლარზე მეტი მიიღო. 188,460 ლარი აქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული შპს “ლამრო ინდუსტრის”, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ შამაევია. აქედან 86 400 ლარი კომპანიამ პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სამშენებლო სამუშაოებისთვის მიიღო.

რუსული კავშირის მქონე კომპანიები მონაწილეობას იღებენ სახელმწიფო პრივატიზების პროცესშიც. ასე მაგალითად მიმდინარე წლის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ აუქციონში კომპანია “ტიბინი ჯგუფმა” გაიმარჯვა. კომპანიას თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე მდებარე 3 299 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 6.5 მლნ ლარად გადაეცა. კომპანიის 50%-ს რუსეთის მოქალაქე იაჰია აუდახი ფლობს, 50%-ს კი საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ზურაბ ახალაია.

ასობით კომპანია ერთსა და იმავე იურიდიულ მისამართზე და კანონის ფიქტიური შესრულება. რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიებისა და ინდ. მეწარმეების რეგისტრაცია საქართველოში უმეტესად ფიქტიური მისამართის მითითებით ხდება. საქართველოში გვხვდება ათობით იურიდიული მისამართი სადაც ერთდროულად ასობით შპს და ინდივიდუალური მეწარმეა რეგისტრირებული. არის შემთხვევები, როდესაც ერთ იურიდიულ მისამართზე 1500-მდე პირია რეგისტრირებული. აღნიშნული მისამართების უმეტესობაზე შენობა-ნაგებობაც კი არ დგას, ტერიტორიების უმეტესობა დაუსახლებელი მიწებია, რომლის კანონიერი მფლობელები ძირითადად საქართველოს მოქალაქეები არიან. ფონიჭალის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთი იურიდიული მისამართის ზუსტი დასახელება (სადაც 1467 ინდ. მეწარმეა რეგისტრირებული), საცხოვრებელ კორპუსის “გაუქმებული ნაგვის ბუნკერია”, – ამავე მისამართზე ასობით ინდ. მეწარმე 2.7 კვ.მ. ტერიტორიაზეა რეგისტრირებული.

რას გვეუბნება კანონი? საქართველოში შპს-ს და ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია რთულ პროცედურებთან დაკავშირებული არ არის, თუმცა პირს რომელსაც სურს დაიწყოს ეკონომიკური საქმიანობა რეგისტრაციისთვის იურიდიული მისამართი სჭირდება. კერძოდ, თუკი პირი საკუთრებაში ფლობს უძრავ ქონებას, იურიდიული მისამართის განსაზღვრისთვის დამატებითი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის. თუმცა თუკი პირს მფლობელობაში არ აქვს უძრავი ქონება, მან მარეგისტრირებელ ორგანოს დამატებით სავალდებულოდ უნდა წარუდგინოს სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის (მაგ. მეიჯარის) სათანადო ფორმით შედგენილი თანხმობა ან უძრავი ქონებით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოში რუსეთის მოქალაქეები ეკონომიკური საქმიანობის დასაწყებად ძირითადად ინდივიდუალური მეწარმის სტატუსს ირჩევენ. ინდივიდუალური მეწარმე არ არის იურიდიული პირი და ის საქმიან ურთიერთობებში თავის უფლება-მოვალეობებს ასრულებს, როგორც ფიზიკური პირი. საგადასახადო ვალდებულებების ნაწილშიც ინდივიდუალური მეწარმე პასუხს აგებს პერსონალურად, მთელი თავისი ქონებით. აღნიშნული პასუხისმგებლობა ვრცელდება ინდ. მეწარმედ რეგისტრაციამდე/რეგისტრაციის შემდგომ სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში წარმოშობილ ვალდებულებაზეც. სტანდარტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური მეწარმის შემოსავალი 20%-ით იბეგრება, თუმცა საქართველოში ინდ. მეწარმეები სხვადასხვა შეღავათით სარგებლობენ, რომელიც მცირე ბიზნესის სტატუსს უკავშირდება. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ მიღებული შემოსავალი მხოლოდ 1%-ით იბეგრება, თუკი ერთი წლის განმავლობაში შემოსავალი 500 000 ლარს არ გადააჭარბა. თუკი დასაბეგრი შემოსავალი წლიურად 500 000 ლარს გადააჭარბებს შემოსავალი 3%-ით იბეგრება.

ფიზიკურ პირს საკუთარ უძრავ ქონებაზე სხვა პირის შპს-ს ან ინდივიდუალური მეწარმეების დარეგისტრირებას კანონი არ უკრძალავს. თუმცა, ერთსა და იმავე მისამართზე რეგისტრირებული ასობით მეწარმე მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეები იურიდიულ სტატუსს ფიქტიურად იღებენ – სავარაუდოდ ქონების მფლობელისთვის კონკრეტული საფასურის გადახდის სანაცვლოდ. აღნიშნული კი ართულებს საქართველოში რუსული კომპანიების მიკვლევადობას. აღსანიშნავია რომ სტატისტიკურ ინფორმაციაში ძირითადად არ არის მითითებული კონკრეტული ინდ. მეწარმეების ფიზიკური მისამართი. იურიდიულ მისამართად კი მათ უმეტესობას ფიქტიური ტერიტორიები აქვთ რეგისტრირებული. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ ინდ. მეწარმეებს იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართად ერთი და იმავე ტერიტორია აქვთ რეგისტრირებული, მაშინ როდესაც აღნიშნულ მისამართზე ასობით სხვა პირიცაა რეგისტრირებული. ჯამში საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული აქტიური სტატუსის მქონე 20 886 კომპანიიდან, ფაქტობრივი მისამართი მითითებული მხოლოდ 20%-ს (1664-ს) აქვს.

მიკვლეულ იურიდიულ მისამართებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ქვეყანაში რეგისტრირებული რუსი მეწარმეებიდან მინიმუმ ყოველ მეორეს იურიდიული მისამართი ფიქტიურად აქვს მითითებული.

ათასობით რუსულ კომპანიას იურიდიული მისამართი ფიქტიურად აქვს მითითებული. (იურიდიული მისამართები და მასზე რეგისტრირებული რუსული შპს-ები და ინდ. მეწარმეები)

– თბილისი, დასახლება ფონიჭალა 3, კორპუსი 5, დამხმარე სათავსო – 1467

– თბილისი, სამგორის რაიონი, პოლიციის I ჩიხი, N5, N4ა – 1381

– ქალაქი ბორჯომი, მესხეთის ქუჩა, N 31გ, საოფისე ფართი N3 – 850

– თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, ივ. ჯავახიშვილის ქუჩა , N91 – 776

– ახალციხის რაიონი, აბი, (ტბის ქვემოთ) – 744

– ამბროლაური, სოფელი ხვანჭკარა – 451

– თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, ჩიტაიას ქუჩა, N38, ბინა N1 – 402

– ადიგენის რაიონი, სოფელი ვარხანი, ქუჩა 07, საცხოვრებელი სახლი N07 – 411

– ქალაქი რუსთავი, მიკრო/რაიონი VIII, N 5ა, სარდაფი – 283

– აბაშა, სოფელი ქოლობანი – 274

– დმანისი, სოფელი მაშავერა – 266

– დედოფლისწყაროს რაიონი, სოფ. ოზაანი – 244

– თბილისი, გლდანის მასივი, III მიკრო/რაიონი, კორპუსი 80, ბინა 4 – 208

– თბილისი, სამგორის რაიონი, მიხეილ გახოკიძის ქუჩა, N 49 – 126

– სოფელი ცხვარიჭამია – 224

– საქართველო, ადიგენის რაიონი, სოფელი უნწა “ბაღები” – 214

– თბილისი, საბურთალოს რაიონი, ბახტრიონის ქ., N22, ბ. 75 – 206

– თბილისი, დიდუბის რაიონი, მურმან ლებანიძის ქუჩა, N10, სართული N1, ბინა N3 – 212

– საქართველო, ადიგენის რაიონი, სოფელი უნწა, სახლთან – 205

– დუშეთის რაიონი, სოფელი გრიგოლაანთკარი – 181

– თბილისი, სამგორის რაიონი, მიხეილ გახოკიძის ქუჩა, N 49 – 102

– ვაკის რაიონი, გამზირი ი.ჭავჭავაძე, N 37, კორპუსი 3ა, ბინა N54 – 104

– ზუგდიდის რაიონი, სოფელი ნარაზენი, კონდრატე თათარიშვილის ქუჩა, N18 – 96

– ქალაქი მცხეთა, ანტიოქიას ქუჩა, N 12 – 70

– ხარაგაულის რაიონი, სოფელი ახალსოფელი – 66

 

მოცემული იურიდიული მისამართები, რომ ფიქტიურად არის მითითებული ამას მოწმობს საქმიანობის სფეროებიც, რომლითაც კონკრეტულ მისამართზე რეგისტრირებული პირები არიან დაკავებული. ასე მაგალითად, მთლიან ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული რუსული კომპანიებისა და ინდივიდუალური მეწარმეებიიდან ყველა – 451-ე სოფელ ხვანჭკარაშია რეგისტრირებული. ყველა მათგანი 2022 წლიდან დარეგისტრირდა, აქედან შპს-ს სტატუსი მხოლოდ 9 აქვს, დანარჩენი 437 კი ინდივიდუალური მეწარმეა. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 2024 წლის 1 აგვისტოს მონაცემებით, ჯამში 1355 ბიზნეს სუბიექტია აქტიური სტატუსით, გამოდის რომ მათგან თითქმის ყოველი მესამე რუსულია. რეგისტრირებული რუსული კომპანიების საქმიანობის სფერო მრავალფეროვანია – იდივიდუალური მეწარმეებიდან ყველაზე მეტის, თითქმის 70%-ის საქმიანობის სფერო IT მიმართულებაა. ეს მაშინ როდესაც საჯარო რეესტრის მონაცემებით, მითითებულ იურიდიულ მისამართზე შენობაც კი არ დგას.

რას საქმიანობენ რუსეთის მოქალაქეების მიერ ხვანჭკარაში რეგისტრირებული კომპანიები:

– კომპიუტერული დაპროგრამების საქმიანობები – 168

– საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული მომსახურების სხვა საქმიანობები – 96

– სხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემა – 28

– სარეკლამო სააგენტოების საქმიანობა – 15

– სპეციალიზებული დიზაინერული საქმიანობები – 9

– საცალო და საბითუმო ვაჭრობა – 8

– რესტორნები და კვების ობიექტები – 5

– ვებ-პორტალები – 4

– ხმის ჩაწერის და მუსიკალური ჩანაწერების საგამომცემლო საქმიანობები – 3

– სხვა – 115

რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში დაფუძნებული კომპანიების გამჭვირვალობა საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ფონზე რომ რუსეთი საერთაშორისო საზოგადოების მიერ სანქცირებული ქვეყანაა.

საქართველოში რუსეთთან დაკავშირებული კომპანიების მიკვლევადობას არაერთი ფაქტორი ართულებს – ერთსა და იმავე იურიდიულ მისამართზე რეგისტრირებული ასობით შპს და ინდ. მეწარმე, ფაქტიური მისამართის არარსებობა, ოფიციალურ სტატისტიკაში არ ასახული რუსეთის მოქალაქეების კომპანიები და შუამავალი კომპანიები. ამასთან, იმის თქმა თუ რეალურად რამდენი კომპანია ოპერირებს საქართველოში რუსული კაპიტალის მონაწილეობით, ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით შეუძლებელია.

აღნიშნული კომპანიები აქტიურად არიან ჩართული ეკონომიკურ საქმიანობაში – მონაწილეობენ სახელმწიფო პრივატიზების პროცესში, სახელმწიფო ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში – რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათობით მილიონ ლარს იღებენ. მხოლოდ აღნიშნული კვლევის ფარგლებში მიკვლეულ კომპანიებსა და მათთან დაკავშირებულ შვილობილ კომპანიებს, ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების გზით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 90 მლნ ლარზე მეტი აქვთ მიღებული.

ბოლო წლებში რუსეთთან გაზრდილი საგარეო ვაჭრობა და რუსული კომპანიების შემოდინება განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების ზრდას, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი რისკის მატარებელია. ტრადიციულად რუსეთი ეკონომიკურ დამოკიდებულებას პოლიტიკურ იარაღად იყენებს. ამას მოწმობს რუსეთთან ეკონომიკური კავშირების ისტორიაც და დაწესებული ემბარგოებიც.