სამართალი

რატომ არ დაურეგისტრირა შსს მომსახურების სააგენტომ „მათე მოტორსი“ ათეულობით მანქანა

დღეს, 27 სექტემბერს, Gmtv-ს პრესკლუბში „მათე მოტორსის“ საქმის ადვოკატებმა – ალექსანდრე კობაიძემ და ნიკა მემანიშვილმა ვრცლად ისაუბრეს იმ არაკონკურენტულ გარემოზე, რომელსაც მთავრობის 238-ე დადგენილება უწყობს ხელს.
ადვოკატების განცხადებით, საქართველოში არსებობენ მონოპოლიები, რომლებიც ხელს უშლიან ბიზნესის განვითარებას და ჯანსაღ კონკურენციას. მსგავსი შემთხვევა შეეხო „მათე მოტორს“ . აღნიშნულმა კომპანიამ ჩამოიყვანა ათეულობით მანქანა დუბაიდან, რომელთა რეგისტრაცია არ მოხდა შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ. მიზეზად დასახელდა მთავრობის 238-ე დადგენილება, რომლის მიხედვით, თუ მანქანა არის შემოყვანილი დუბაიდან ან ჩინეთიდან, რეგისტრაციას ვერ გადის.
„ყველაზე პარადოქსული ის გახლავთ, რომ მოხდა ამ მანქანების განბაჟება, მაგრამ არ მოხდა რეგისტრაცია. როდესაც მოვიკითხეთ, მივიღეთ პასუხად, რომ 2023 წელს გამოშვებული მანქანების რეგისტრაციას ხელს უშლიან კონკურენტები. ოფიციალური პირები კი 238-ე დადგენილებას არიან ამოფარებულები. „მათე მოტორსის“ დირექტორი კოტე ლოლაძე ჩვენი საშუალებით აპირებს მიმართოს სასამართლოს და მოვითხოვოთ აღნიშნული დადგენილების, როგორც დისკრიმინაციული კანონის შეჩერება. “ – განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ, რომელმაც პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მიმართა, რომ დაინტერესდეს ამ საკითხით და ხელი შეუწყოს საქართველოში ადგილობრივი ბიზნესისთვის გარემოს გაჯანსაღებას.
„238-ე დადგენილება იმიტომ არის დისკრიმინაციული, რომ მსგავსი ავტომობილების რეგისტრაცია, „მათე მოტორსის“ კონკურენტი კომპანიების მიერ სრულიად უპრობლემოდ ხდება. ამიტომ მთავრობა უნდა დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით, რომ საქართველოში არ შეეძლოს არც ოფიციალურ უწყებას და არც მონოპოლისტებს ვინმესთვის პრობლემების შექმნა. როგორ შეიძლება, რომ ავტომობილების განბაჟება მოხდეს და არ მოხდეს მათთვის სანომრე ნიშნების რეგისტრაცია. ამით, ხომ პირველ რიგში მომხმარებელი ზარალდება, ვინც შეიძინა ეს ავტომობილები“ – აღნიშნა დვოკატმა ნიკა მემანიშვილმა.