2025 წლის ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს გარკვეული მწერლების შემოქმედების ჩაბარების ვალდებულება აღარ ექნებათ
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვალში ცვლილები შევიდა. კერძოდ, ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამიდან ამოღებულია: სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედების ნაწილი. აბიტურიენტებს მხოლოდ „სიბრძნე სიცრუისა“ და „ლეონის თავგადასავლის“ სწავლა მოუწევთ.
საგამოცდო პროგრამების ნუსხაში დავით გურამიშვილის შემოქმედების გასულ წელს არსებული სიიდან მხოლოდ ორი ნაწარმოებია დარჩენილი. ასევე, ამოღებულია ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი „გოგჩა“.
შემცირებულია გრიგოლ ორბელიანის შემოქმედების ჩამონათვალიც და მხოლოდ „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“ არის დარჩენილი. შემცირებულია ნიკოლოზ ბარათაშვილის, აკაკი წერეთლისა და ილია ჭავჭავაძის შემოქმედების ნაწილი. ილია ჭავჭავაძის ლექსებიდან „ბედნიერი ერი“; პასუხის პასუხი“; „ჩემო კალამო“; პოემა „განდეგილი“, „აჩრდილი“ და მოთხრობა „ოთარაანთ ქვრივი“ საგამოცდო პროგრამიდან სრულად ამოღებულია;
საერთოდ ამოღებულია ალექსანდრე ყაზბეგის, პაოლო იაშვილისა და პოლიკარპე კაკაბაძის შემოქმედება, ხოლო ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებიდან ნაწილი, მათ შორის: „პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმიც“ ამოღებულია. უცვლელადაა დატოვებული დავით კლდიაშვილის, გურამ დოჩანაშვილის, ჯემალ ქარჩხაძის, გურამ რჩეულიშვილის, ნიკო ლორთქიფანიძის, ტიციან ტაბიძის, კონსტანტინე გამსახურდიასა და მიხეილ ჯავახიშვილის ის ნაწარმოებები, რომლებიც 2024 წლის საგამოცდო პროგრამაში იყო. გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებიდან მხოლოდ „მშობლიური ეფემერაა“ ამოღებული. გიორგი ლეონიძის ნაწარმოებებიდან ამოღებულია „ნინოწმინდის ღამე“. ანა კალანდაძის აქამდე არსებული ლექსი „მკვდართა მზე ვარ“ ჩანაცვლებულია ლექსით „ვაჟო, დილის მზის სხივო…“
ალექსანდრე წულაძემ ბრძანება პროგრამების ცვლილებების შესახებ 11 ნოემბერს გამოსცა, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მხოლოდ დღეს გამოაქვეყნა.