აქციის მონაწილეებმა გზა ჩაუკეტეს მეხანძრე-მაშველებს და ხანძრის ჩაქრობის საშუალება არ მისცეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საზოგადოებრივი მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ რესპუბლიკის მოედანზე, სასტუმრო „რედისონის“ მახლობლად მდებარე კაფე „ღვინოს” მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა ხანძარი. მიღებული შეტყობინების საფუძველზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე – მაშველები, სახანძრო ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა ჩაუკეტეს გზა და მეხანძრე-მაშველებს არ მისცეს ინციდენტის ადგილზე მისვლის შესაძლებლობა. მოქალაქეები მანქანას ურტყამდნენ ხელებს და სხვადასხვა ნივთებს. ასევე, აქციის მონაწილეებმა თავად დააპირეს წყლის რეზერვუარის ონკანის გახსნა, რის გამოც მეხანძრე-მაშველები იძულებულნი გახდნენ თავად დაეცალათ წყლისგან სახანძრო ავტო-ცისტერნა.
შსს-ს შეფასებით, აქციის მონაწილეთა ქმედებები სცდება პროტესტის გამოხატვის ყოველგვარ ფორმას და მოუწოდებს აქციის აგრესიულ მონაწილეებს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. ასევე, მედიის წარმომადგენლებსა და თითოეულ მოქალაქეს, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან.