ირაკლი კობახიძე: „ისინი 20 იანვრამდე დაასრულებენ საკუთარ მცდელობას“
„ყველამ კარგად გაიგო, რომ სინამდვილეში ხელისუფლებას არავითარი ევროინტეგრაცია არ შეუჩერებია და პირიქით – მაქსიმალურადაა ორიენტირებული შესაბამისი ვალდებულებების შესრულებაზე“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 დღე დასჭირდა რადიკალური ოპოზიციის ძალადობის რესურსის გასანეიტრალებლად. ირაკლი კობახიძემ მინისტრ ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ რუსთაველის გამზირზე პროტესტი შინაარსისგან დაცლილია.
„ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს წამოსცდა, რომ 20 იანვრამდე უნდა მოასწრონ ხელისუფლების შეცვლა. 20 იანვარი ამ ადამიანებს ძალიან აშინებთ, თუმცა მინდა დავპირდე, რომ ისინი ბევრად მალე, 20 იანვრამდე დაასრულებენ საკუთარ მცდელობას, რომ რაიმე არეულობა შემოიტანონ ჩვენს ქვეყანაში. 20 იანვრის ეშინია მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას. ჩვენ პირიქით, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მთავრობა მზად არის, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან საუბარი დაიწყოს რეალურ, ღირებულებებზე დაფუძნებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელსაც ექნება დღის წესრიგი და გზამკვლევი, რათა მან კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოიტანოს ქვეყნისა და მოსახლეობისთვის.
„ჩვენი წარმოდგენით, აშშ-სთან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას უნდა ჰქონდეს დაახლოებით ისეთივე გზამკვლევი, როგორიც არის მაგალითად ასოცირების დღის წესრიგი. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა უნდა მოუტანოს სტრატეგიულმა პარტნიორობამ როგორც აშშ-ს, ასევე საქართველოს და როგორი უნდა იყოს ამ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშესახები შედეგები. ჩვენ დღეს არ გვაქვს არც უვიზო მიმოსვლა აშშ-სთან, არც თავისუფალი ვაჭრობა, არც პირდაპირი ფრენები. გვინდა, რომ სტრატეგიულმა პარტნიორობამ კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოიტანოს ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის და ამაზე გვინდა აქტიურად საუბრების დაწყება ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან. ასევე, გვჭირდება შეთანხმება ღირებულებებზე – სტრატეგიული პარტნიორობა უნდა იყოს ღირებულებებზე დაფუძნებული. აქაც არის სერიოზული თანხვედრა ახალ ადმინისტრაციასთან და ესეც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნისა და მოსახლეობისთვის ყველაფერი ძალიან კარგად იქნება და მთავრობა 4-წლიანი სამთავრობო პროგრამისა და წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების შესრულებას გააგრძელებს. მთავრობის მეთაურის თქმით, პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომ ქვეყანაში არავითარი კოჰაბიტაციის ნიშანწყალი და ლიბერალური ფაშიზმი არ დარჩეს.
„ყველას ვპირდები, რომ სახელმწიფოს სიმტკიცეს ვერავინ შეარყევს და ახალ წელსაც ყველა იზეიმებს ისე, როგორც ეს შეჰფერის ჩვენს კულტურას და ტრადიციებს, ჩვენი ხალხის ინტერესებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.