რუსეთი ბაზრებისთვის ომსაც კატასტროფულად აგებს

დავით ნებიერიძე

ეკონომიკის ექსპერტი

როდესაც რუსეთის ეკონომიკის დღევანდელ ვითარებაზე ვსაუბრობთ, ძალაუნებურად ძირითად აქცენტებს ვაკეთებთ ენერგომატარებლების მსოფლიო ფასებზე და ამ კომპონენტში რუსეთის შემოსავლების მნიშვნელოვან კლებაზე. აღნიშნული კი გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ნავთობზე ფასების ზეობის ეპოქაში ვერ მოახერხა, არც კი ინება მოეხდინა ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიცირება და რუსეთი დღემდე წაროადგენს ერთ დიდ ბენზინგასამართ სადგურს. თუმცა, კეთილდღეობის პერიოდში რუსეთმა იმხელა შემოსავლები მიიღო, რომ საკუთარი ეკონომიკის დივერსიფიცირებას კი არა, არამედ მარსის სრულ კოლონიზაციას მოახერხებდა. მაგრამ, მოდით ისევ რუსეთის დღევანდელი შემოსავლების საკითხს დაუბრუნდეთ: მართალი ვართ როდესაც ვამბობთ, რომ რუსეთის მომავალი და პუტინის ხელისუფლების კეთილდღეობა ნავთობზე ფასების შესაბამისიაო, მაგრამ, მერწმუნეთ, რომ მსოფლიო ენერგეტიკული კონიუნქტურა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანს ხდის ბაზრებისთვის ბრძოლას და ამ ბრძოლაში წარმატების მიღწევას, ვიდრე თავად ენერგორესურსების ღირებულების საკითხს. აპრიორი და აქსიომად ვიტყვი, რომ ნავთობის ფასები და შესაბამისად პუტინი ფიქალური ტექნოლოგიების მოჯადოებულ მარყუჟშია მოქცეული. ეს არაერთ ჩემს სტატიაში მითქვამს. რაც ნავთობზე ფასების მნიშვნელოვან ზრდას ფაქტიურად გამორიცხავს. ანუ, ფასების კომპონენტი ენერგეტიკულ ომებში უკვე გარკვეულია და აშკარად რუსეთის საწინააღმდეგოდ. ფასების სეგმენტში აბსოლუტური გამარჯვება მოიპოვეს მაღალტექნოლოგიურმა ქვეყნებმა, მაგრამ დღევანდელი უპრეცენდენტო ენერგეტიკული ომების მთავარი აქცენტები მთლიანად გადატანილია ბაზრებისთვის ბრძოლაზე და აღარანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს ფასებს. სხვათაშორის ახლოაღმოსავლეთში და ზოგადად არაბულ სამყაროში მიმდინარე ცხელი ომებიც ზუსტად ამ ბრძოლის შემადგენელი ნაწილია. დღევანდელი მოცემულობით კი რუსეთი ბაზრებისთვის ომსაც კატასტროფულად აგებს. ამიტომ, მისი შემოსავლების მნიშვნელოვანი კლება დღევანდელი მოცემულობით უკვე მთლიანად მისი ბაზრების შემცირებითაა გამოწვეული და ამ კომპონენტში პუტინის პერსპექტივები გაცილებით უფრო სავალალოა, ვიდრე ის დანაკარგები, რაც რუსეთმა მიიღო ნავთობზე მსოფლიო ფასების ვარდნიდან.

ამ მოვლენების ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ხელისუფლების კაპიტულიანტური და აშკარად კოლაბორაციონისტული ქმედებები გაზპრომთან მიმართებაში.

იხ. ლინკი

http://classic.newsru.com/finance/18jan2017/saldo.html

 

 

კომენტარის დატოვება