„საამაყო გვაქვს, მაგრამ სააგენტოს, სფეროს მიმართ, მეტი პროფესიონალიზმი მართებს“

N37 ბაგა-ბაღში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა ააიპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წლიური ანგარიში მოისმინეს.

წლიური ანგარიში ჩვენთან საუბარში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ  შესაფასა და განაცხადა:

-„მოვისმინეთ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წლიური ანგარიში.
ბევრი რამ საამაყო გვაქვს და ბევრიც გამოსასწორებელი.

თვალსაჩინოა ინფრასტრუქტურა, კვება, ჰიგიენა… ნაბიჯით წინ წავედით კადრების გადამზადების საკითხში, ნახევარი ნაბიჯით სააღმზრდელო- სასწავლო პროცესების მიმართულებით…

მთავარი გამოწვევა ისევ ჯგუფებში ბავშვთა გადაჭარბებული რაოდენობაა, რის გამოც შეუძლებელია რეალური შედეგის მიღწევა, პირველ რიგში, სწორედ სასწავლო-სააღმზრდელო მიმართულებით.
დედაქალაქში, წლიურად, 100 მილიონ ლარამდე იხარჯება აღნიშნულ სერვისზე. შეცდომების დაშვების ფუფუნება არ გვაქვს. ახლადაშენებული 37-ე საბავშვო ბაღი, სადაც ანგარიშის მოსმენა გაიმართა, საკმაოდ დიდი, ცოტა არიყოს პომპეზური შენობაა, თუმცა, შეიძლება ჩავთვალოთ, ბაღს ეზო არ გააჩნია. ის, რასაც შეიძლება ეზო დავარქვათ (შიდა და გარე), ვერანაირად ვერ უპასუხებს სუფთა ჰაერზე ბავშვთა გართობა-დასვენების მოთხოვნებს, არასაკმარისი მოცულობის ფართობის გამო. შენობის დამპროექტებელსა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ეს უნდა გაეთვალისწინებინა.

როგორც ვთქვი, ბევრი რამ საამაყო გვაქვს, მაგრამ სააგენტოს, სფეროს მიმართ, მეტი პროფესიონალიზმი მართებს“

 

 

 

კომენტარის დატოვება