მუსიკაში გაგრძელებული სიცოცხლე-რევაზ ლაღიძე

დღის იუბილარი

რევაზ ლაღიძე დაიბადა 1921 წლის 10 ივლისს სოფელ ბაღდათში (ბაღდათის რაიონი).

მუსიკის სიყვარული ლაღიძეების ოჯახს ტრადიციულად მოსდგამდა. დედა-ლუბა ჯაფარიძე ხალხური სიმღერის დიდი მოტრფიალე იყო. მამიდას ქმარი, ვასო გოგაძე არაჩვეულებრივად ფლობდა ინსტრუმენტებს. სწორედ მან აჩუქა თავისი ვიოლინო მომავალ კომპოზიტორს. ძლიერი მუსიკალური შთაბეჭდილება, ბიძგი რომ მისცა რ. ლაღიძის ნიჭის გამოვლინებას ობჩაში მოხდა, სოფლის სკოლის ეზოში, სადაც ის არდადეგების დროს ბავშვებთან ერთად ბურთს თამაშობდა, რეპროდუქტორიდან შემოესმა ზ. ფალიაშვილის „დაისის“ შესავლის ჰანგები, დაუვიწყარი იყო მისი მღელვარება, რომელიც მაშინ განიცადა. ასე შედგა პირველი შეხვედრა მუსიკასთან. ამის შემდეგ მთელი ცხოვრება ზ. ფალიაშვილი მისი კერპი და სიამაყე გახდა.

რ. ლაღიძეს ძალიან უყვარდა თავისი ქვეყანა, მისი ყველა კუთხე-კუნჭული, სწორედ აქედან მოდიოდა ხალხური სიმღერების სიყვარული. სიმღერა ნოტებით არასდროს უსწავლია. საქართველოს თითქმის ყველა კუთხის სიმღერა იცოდა.

ლაღიძის მემკვიდრეობის სრულიად უნიკალური მოვლენა მისი უკვდავი სიმღერებია, სადაც ბორგავს სული ქართული, სიტყვა ქართული, მზე ქართული, ეშხი და პეწი გაუხუნარი ივერიისა.

უყვარდა ოჯახი, ტკბებოდა შვილებითა და შვილიშვილებით, მათთან ყოველთვის სახეგაბრწყინებული და ბედნიერი იყო. ვერ იტანდა სიმარტოვეს, ბედნიერი იყო ადამიანთა გარემოცვაში. ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა.

რევაზ ლაღიძეს ღმერთმა არგუნა სიცოცხლეშივე მოსწრებოდა დიდ აღიარებას არა მარტო მის ქვეყანაში, საზღვარგარეთაც. მისმა კოლეგებმა იგი აღიარეს ქართული სიმღერის კლასიკოსად. ეს კი როგორც მოგეხსენებათ ერთეულთა ხვედრია.

ის ნაკლებად უწევდა ანგარიშს გარედან შემოჭრილ დინებებს, თავის დაძაბული და მდიდარი სულიერი ცხოვრებით ცხოვრობდა, უმღეროდა იმას, რაც აღელვებდა და შთააგონებდა, წერდა ისე, როგორც სწამდა და სჯეროდა.

დიდი კომპოზიტორი გარდაიცვალა 1981 წლის 16 ოქტომბერს თბილისში, დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

 

კომენტარის დატოვება