ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა მუშაობა განაახლა

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერიის ა(ა)იპ ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, გამოკვლევების ჩატარების პროცესი განახლდა.

პროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის სკრინინგი (გამოკვლევები) სრულად ფინანსდება. კიბოს სკრინინგის კომპონენტში პროგრამა მოიცავს ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და პროსტატის კიბოს სკრინინგს და მისი მიზანია კიბოს ადრეული გამოვლენის მაჩვენებლის  გაზრდის გზით, კიბოთი გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება;

პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეებს უფასოდ შეუძლიათ ჩაიტარონ:

  • ძუძუს გამოკვლევები 40-დან 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებისთვის. სკრინინგი ითვალისწინებს მამოგრაფიულ გამოკვლევას, პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კი, ძუძუს ექოსკოპიასა და მამოლოგის მიერ გასინჯვას, საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღებას და ციტოლოგიურ კვლევას. თბილისში რეგისტრირებული პირი, რომელსაც ჩატარებული აქვს მამოგრაფია და პათოლოგიური მდგომარეობა არ აღმოაჩნდა, დაბარებული იქნება მხოლოდ განმეორებით ვიზიტზე. ძუძუს კიბოს სკრინინგი ტარდება ორ წელიწადში ერთხელ; 
  • საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები 25-დან 60 წლის ჩათვლით ქალებისთვის. სკრინინგი ითვალისწინებს გინეკოლოგის კონსულტაციას და პაპ–ტესტს, პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლპოსკოპიას და მორფოლოგიური კვლევისთვის ბიოფსიური მასალის აღებას. თბილისში რეგისტრირებული პირი, რომელსაც ჩატარებული აქვს პაპ-ტესტი/გინეკოლოგის გასინჯვა და შედეგად არ აღმოაჩნდა პათოლოგიური მდგომარეობა, დაბარებული იქნება მხოლოდ განმეორებით ვიზიტზე. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ტარდება სამ წელიწადში ერთხელ;
  • პროსტატის გამოკვლევა 50-დან 70 წლის ჩათვლით მამაკაცებისთვის. სკრინინგი ითვალისწინებს სისხლში პროსტატის კიბოს ანტიგენის (PSA) გამოკვლევას.  ექიმი, კვლევის შემდეგ, სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე განსაზღვრავს შემდგომი ვიზიტების სქემას. პროსტატის კიბოს სკრინინგი ტარდება წელიწადში ერთხელ;
  • სკოლიოზის გამოკვლევა – 10–დან 18 წლის ჩათვლით პირებში;
  • ბრტყელტერფიანობის სკრინინგი – 4–დან 15 წლის ჩათვლით პირებში.

პროგრამაში ჩართვის მსურველებმა, ეროვნულ სკრინინგ ცენტრში გამოკვლევების ჩასატარებლად უნდა დარეკონ ტელეფონის ნომერზე 220 35 35.

თბილისის მერიის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამაში ცვლილებების შედეგად, ეროვნული სკრინინგ ცენტრის გარდა, პროგრამის განხორციელებაში ეტაპობრივად ჩაერთვებიან სხვა მიმწოდებელი კლინიკები, რომლებიც თბილისის მასშტაბით, ასევე, განახორციელებენ მოქალაქეთა უფასო სკრინინგს.

კომენტარის დატოვება