ჯუმბერ კირვალიძე: 8 ოქტომბერს, ივანიშვილის მმართველობის ეპოქა გაგრძელდება!

ჯუმბერ კირვალიძე

პოლიტოლოგი

-“დიახ, საქართველოში ამა წლის შემოდგომაზე გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს ბიძინა ივანიშვილის პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” და ის პოლიტიკური ჯგუფები და პიროვნებები (ვინც გადალახავს საარჩევნო ბარიერს), რომლებიც ასოცირდებიან მის სახელთან. ანუ, 8 ოქტომბერის შემდგომ ქვეყანაში ივანიშვილის მმართველობის ეპოქა გაგრძელდება, რომელიც დაიწყო 2012 წლის 1 ოქტომბერს! მიუხედავად არა ერთი შენიშვნის და იმედგაცრუების მმართველი “ქართული ოცნების” მიმართ, ობიექტურად წინასაარჩევნო სიტუაციის ღრმა და ზედაპირული ანალიზიც კი ამაზე მეტყველებს და ამას ვერავინ უარყოფს! სამწუხაროდ, საქართველოში დღეს არსებული პოლიტიკურ პარტიებს არ ძალუძთ, რომ ჯანსაღი კონკურენცია გაუწიონ ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ ძალას, რაც უთუოდ წაადგებოდა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების დემოკრატიულ განვითარებას, ამომრჩევლების პოლიტიკური კულტურის ამაღლებას. ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან და იქიდან მისი ნებაყოფლობით წასვლიდან შემდეგ საქართველოში პოლიტიკური რეალობა ასეთია, რომ ვინც არ უნდა იყოს ქვეყნის პრეზიდენტი თუ პრემიერმინისტრი, – ღარიბაშვილი, კვირიკაშვილი, კირვალიძე თუ სხვა ვინმე, ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს! საქართველოში და უცხოეთშიც ყველამ იცის, რომ ქვეყნის რეალური ლიდერი, პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის მთავარი გარანტი, 2012 წლის ოქტომბრიდან იყო, არის და უახლოეს მომავალში იქნება ბიძინა ივანიშვილი! არსებულ მდგომარეობას, რაც არ უნდა ვუწოდოთ, – არაფორმალური მმართველობა, ჩრდილოვანი ხელმძღვანელობა თუ სხვა რამ, – ეს გახლავთ ობიექტური რეალობა, რომელშიც იმყოფება საქართველო და ქართველი ხალხი. ასე რომ, ისტორია გრძელდება, საქართველომ გამოიარა სამი პრეზიდენტის (გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი) მმართველობის ეპოქა და აი, უკვე 4 წელია მიმდინარეობს ივანიშვილის მმართველობის ეპოქა, რომელიც მან პრემიერ–მინისტრის პოსტიდან დაიწყო და დღესაც აგრძელებს, როგორც საქართველოს აღიარებული “უპორტფელო” პოლიტიკური ლიდერი!!!”

კომენტარის დატოვება