ეთიკის ქარტია: გამოცემის რეიტინგისთვის ტრაგედიით სპეკულირება მიუღებელია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მწუხარებას გამოთქვამს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის, მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების გამო და აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია ტრაგედიით სპეკულირება და ამით გამოცემის რეიტინგის ზრდა.

“საზოგადოებისთვის ცნობილი პირების მიმართ არსებობს მომეტებული ინტერესი, თუმცა, დაცული უნდა იყოს მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. ქარტია მიმართავს მედიასაშუალებებს, პატივი სცენ გარდაცვლილის ახლობლებს და თავი შეიკავონ ადამიანის პირადი ცხოვრებით მანიპულირებისგან”, – ნათქვამია ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ცნობილია, რამდენიმე ინტერნეტ-გამოცემამ გაავრცელა ჟურნალისტ მაია ასათიანის ფოტო, რომელიც პარიზის კლინიკაში მისი შვილის გარდაცვალების შემდეგაა გადაღებული. ასევე, რამდენიმე მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა საზოგადოებისთვის ცნობილ პირთა გამოხმაურებები, რომელიც მათ სოციალურ ქსელში დაწერეს.