ჯარში ორი თანამდებობაა, რომელთა მნიშვნელობას ჩვენს ქვეყანაში ვერ ათვითცნობიერებენ…

ბლოგი

ამირან სალუქვაძე

ბრიგადის გენერალი

პრესაში და სოციალურ ქსელში გენერლის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებით გარკვეული მსჯელობებია.
ჩემს მოსაზრებასაც გამოვხატავ.

ძალიან ბევრ სამხედროსაც კი ვერ გაუგი რატომ არის სამხედრო წოდებებს შორის ვადები დაწესებული მხოლოდ ლეიტენანტიდან პოლკოვნიკამდე (2, 3, 4 წელი წოდებებს შორის), ხოლო პოლკოვნიკიდან გენერლამდე ვადა არ არსებობს.

თუ არსებობს დაწესებული ვადა, ეს ნიშნავს, რომ თუ ოფიცერი იმყოფება შესაბამისი რანგის თანამდებობაზე, მას კანონით დაწესებულ ვადებში ვალდებულნი არიან წოდება მიანიჭონ. წოდების შეკავება რაიმე კურსების გაუვლელობით ან სხვა მოგონილი პროცედურებით ვერ აიხსნება. თუ არ შეესაბამება თანამდებობას, უნდა გათავისუფლდეს. თუ იმყოფება თანამდებობაზე, წოდება უნდა მინიჭოს. ეს კანონის მოთხოვნაა.

სულ სხვა თემაა გენერლის მინიჭება.

როგორც აღვნიშნე პოლკოვნიკიდან გენერლობამდე ვადა არ არსებობს. არ ავხსნი თუ რატომ არ არსებობს ვადა. ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა და ამის შესახებ ვერსად წაიკითხავთ.

მოკლედ, თუ პოლკოვნიკსა და გენერალს შორის კანონით დაწესებული ვადა არ არსებობს, შესაბამისად არც ვალდებულება არსებობს წოდების მინიჭებაზე, შესაბამისად არც კანონის დარღვევაა, თუ გენერლის თანამდებობაზე მყოფ პოლკოვნიკს მიენიჭება გენერლის წოდება, თუნდაც მოლკოვნიკის მინიჭებიდან მეორე დრესვე.

აქ მხოლოდ გონივრული მიდგომები არსებობს, რომელსაც კანონის ძალა არ აქვს. გონება თავისუფალია.

ჯარში ორი თანამდებობაა, გენერალური შტაბის უფროსი და სარდალი, რომელთა მნიშვნელობას ჩვენს ქვეყანაში ვერ ათვითცნობიერებენ. იგივე ეხება გენერლის სტატუსსაც, მივანიჭებთ, შემდეგ ჯარიდან ვყრით. გენერალს კი კანონით აქვს დადგენილი რა ასაკამდე უნდა იმსახუროს.

რაც შეეხება სპეციალურ წოდებებს:

როცა შეიარაღებულმა ძალებმა ნატოს სტანდარტებისკენ აიღო გეზი და ბრიგადის გენერლის სამხედრო წოდება შემოიღო, სხვა ძალოვან სტრუქტურებმა არ მოისურვეს იგივე სტანდარტის გაზიარება და პოლკოვნიკის შემდგომი სპეციალური წოდება არის გენერალ-მაიორი (პოლიციის გენერალ-მაიორი, დაზვერვის გენერალ-მაიორი და ა.შ.). ეს გამოსასწორებელია. ყველა სპეციალური წოდებები მოსაყვანია სამხედრო წოდებებთან შესაბამისობაში.

თავდაცვის მინისტრს აქვს უფლება პოლიციის წოდების მქონე ოფიცერს სამხედრო წოდება მიანიჭოს. ამ შემთხვევაში ამ ოფიცრისთვის შემდგომი წოდებების მინიჭება ხდება შეიარაღევბულ ძალებში არსებული წესების თანახმად.

კერძოდ, თუ პოლიციის პოლკოვნიკს დაუდასტურდა სამხედრო წოდება პოლკოვნიკი, მას შემდგომი წოდება უნდა მიენიჭოს ბრიგადის გენერალი და არა გენერალ-მაიორი. უფრო სწორად, პოლკოვნიკი კი არ უდასტურდება, არამედ ენიჭება. იგივე ეხება უფრო დაბალ წოდებებს – ენიჭება, არ უდასტურდება.

ვიცი შემთხვევა, როცა შსს-დან პოლკოვნიკი თავდაცვის სამინისტროში გადმოვიდა და დაინიშნა გენშტაბის ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსად, მან სამსახური ვიცე-პოლკოვნიკის წოდებით გააგრძელა და მხოლოდ შემდეგ მიენიჭა პოლკოვნიკი.

თავდაცვის სამინისტროში მხოლოდ სამხედრო წოდებებით მსახურობენ და სხვა უწყებების სპეციალური წოდებები არ მოქმედებს. შესაბამისად პოლკოვნიკს უნდა მიენიჭოს ბრიგადის გენერალი და არა გენერალ-მაიორი. თან ის აუცილებლად უნდა იყოს გენერლის საშტატო კატეგორიის თანამდებობაზე.

P.S. 1. ადდრე ხშირად სვამდნენ კითხვებს რა ამბავია ამდენი გენერლებიო? რატომღაც საზოგადოება არმიის გენერლებს თვლის და მტკივნეულად აღიქვამს. თუმცა არავინ აქცევს ყურადღება სხცა სტრუქტურებს. გენერლის ტოლფას წოდებებს უხვად ვანიჭებთ დიპლომატიაში, იუსტიციაში, სპეცსამსახურებში, უხვად ვანიჭებთ პროფესორებს, აკადემიკოსებს. ჯარმა რა დააშავა? თუ ეს ჩვენი შეიარაღებული ძალებისადმი საზოგადოების დამოკიდებულების მაჩვენებელია?

2. შეიარაღებულ ძალებში უნდა იყოს იმდენი გენერლის თანმდებობა, რაც შეესაბამება მის მასშტაბებს, დასახულ ამოცანებს, სტრუქტურას. აქედან გამომდინარე, გენერლების რაოდენობა ზედმეტ უარყოფით რეაქციებს არ უნდა იწვევდეს. მთავარია კანონის, სამსახურის გავლის წესების დაცვა, არმიის აღმშენებლობა და ა.შ. ჰო, კიდევ ზემოთ აღნიშნული გონივრული მიდგომა და ის საუკუნეების გამოცდილება, თუ რატომ არაა ვადა პოლკოვნიკისა და გენერლის წოდებებს შორის (ოდესმე დავწერ).

3. გენერლების ყოლა უნდა გვიხაროდეს და გვეამაყებოდეს. თუ დაიმსახურა, რატომ გვენანება ან გვწყინს? დაიმსახურა თუ არა უმაღლესი მთავარსარდლის პრეროგატივაა. სხვათაშორის, პრეზიდენტს თავისითაც შეუძლია მიანიჭოს, მინისტრის წარდგინების გარეშე. ვინ აუკრძალავს?