საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან ახალი პროგრამა დაიწყო

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან ახალი პროგრამის დაწყების შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეული შეთანხმება შეაფასა და გაწეული სამუშაოსთვის ეკონომიკური გუნდს და ვიცე- პრემიერს, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს მადლობა გადაუხადა.

„მინდა ძალიან პოზიტიური შეფასება მივცე ეკონომიკური გუნდის მუშაობას სავალუტო ფონდთან. დიდ მადლობას ვუხდი ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილს.  უმნიშვნელოვანესი სამუშაო დასრულდა– სავალუტო ფონდმა  გახსნა ახალი სამწლიანი პროგრამა საქართველოსთვის, რაც ნიშნავს პირდაპირ დაფინანსებას ბიუჯეტში და ასევე – მწვანე შუქის ანთებას ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტისთვის, საქართველოს მიმართ დაფინანსების გაგრძელების კუთხით.  ჩვენი გადადგმული ნაბიჯები ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით არის აბსოლუტურად სწორი, რაც ნიშნავს, რომ 4–პუნქტიანი პროგრამა ძალიან წარმატებულია და  თვითონ ამ პროგრამამაც წარმატებული სტარტი აიღო.  საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან დაფინანსების კუთხით ანთებული მწვანე შუქი, თავის მხრივ, მეტყველებს, რომ ჩვენი სივრცითი განვითარების პროგრამა აუცილებლად  წარმატებით განხორციელდება, რაც  ქვეყნის ეკონომიკური დინამიკის სრულიად სხვა დონეს ნიშნავს. ეს ასევე ნიშნავს უამრავ ახალ სამუშაო ადგილს, ინვესტიციებს პარალელურად უკვე კერძო სექტორის მხრიდანაც  და მინდა ყველას მოგილოცოთ ეს ძალიან კარგი სტარტი“ – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.