დავით თევზაძე: არჩევნებამდე ეს ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იქნებოდა…

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პოლიტიკური მოძრაობა „მშვიდობიანი საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი დავით თევზაძე მიიჩნევს, რომ გათავსუფლებული თავდაცვის მინისტრის პოსტი არჩევნებამდე დარჩენილ დროში პრემიერ-მინისტრმა უნდა შეითავსოს. ამის შესახებ დავით თევზაძემ კვირას პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ცვლილებებზე საუბარი ნაადრევია.

რაც ეხება კანდიდატურებს, დავით თევზაძის აზრით, ძნელი სათქმელია, რომელი რეალიზდება, მაგრამ თვითონ ვადა, რომლითაც ინიშნება ახალი მინისტრი, არარენტაბელურია იმ თვალსაზრისით, რომ არაფრის მომტანი არ იქნება არ უწყებისთვის და არც თავად იმ პიროვნებისთვის, ვინც თანხმობას განაცხადებს.

„ხანმოკლე პერიოდში არჩევნებამდე, ვფიქრობ, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იქნებოდა, პრემიერ-მინისტრს შეეთავსებინა თავდაცვის მინისტრობა, რადგან მას შეუძლია და კანონმა მას დართო ნება, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მანძილზე თავისი თანამდებობა შეინარჩუნოს. ასეთი გადაწყვეტილება იქნებოდა ოპტიმალური, რაც შემდგომში მოსალოდნელი უარყოფითი პროცესებისგან თავდაცვის სამინისტროს დაიცავდა. ისედაც ბლომად დაგროვდა უარყოფითი მუხტი თავდაცვის სამინისტროში.
პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს მთავრობის შემადგენლობა და იმ ფონზე, რაც სახეზე გვაქვს, ძნელი სათქმელია, შეძლებს თუ არა ამას პარლამენტი. მყარი პოლიტიკური გარანტიების მიცემა დღეს არავის შეუძლია. თუმცა, მე სახელმწიფო და უწყების ინტერესიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ მინისტრობა პრემიერ-მინისტრს უნდა შეეთავსებინა“-  განაცხადა დავით თევზაძემ.

კომენტარის დატოვება