ცვლილებები „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში

ცვლილების თანახმად, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოდ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ნაცვლად, საქართველოს ეროვნულ ბანკი განისაზღვრება.

საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა. 

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2015 წლის სექტემბერში განხორციელებული ცვლილებებით, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია გადაეცა საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს, თუმცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდა აღნიშნული ცვლილებების მოქმედება და საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის განმახორციელებელ ორგანოს ამჟამად წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი.

როგორც მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ განმარტა, საქართველოს მთავრობამ გამართული კონსულტაციების შედეგად მიიღო გადაწყვეტილება ეროვნული ბანკისთვის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის გადაცემის შესახებ. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებიც, რომლის თანახმად ეროვნული ბანკი უნდა აერთიანებდეს როგორც მონეტარული პოლიტიკის ფუნქციას, ასევე, საფინანსო სექტორის ზედახდეველობის ფუნქციას.

„ვფიქრობთ, რომ ეს არის სწორი და მართებული გადაწყვეტილება დღევანდელი ეტაპისთვის. დღეს, მთავრობას და ეროვნულ ბანკს აქვთ საკმაოდ მაღალი დონის კომუნიკაცია და ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ ძალიან ბევრ პროექტს და რეფორმას“,-განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა საქართველოს კანონის პროექტი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ და მისი თანმდევი 22 კანონპროექტი.

როგორც საკითხის თაობაზე მომხსენებელმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ, მაია ბითაძემ განაცხადა, საკანონმდებლო პაკეტის მომზადება განპირობებულია ერთი მხრივ, გარემოსდაცვითი მმართველობის საფუძვლების მოწესრიგების აუცილებლობით, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებით.

კოდექსი შედგება შვიდი თავისგან და 51 მუხლისაგან. პირველ თავში მოცემულია კოდექსის რეგულირების სფერო, მიზნები, ამოცანები და ტერმინთა განმარტებანი, ასევე იმ უფლებამოსილი ორგანოების ფუნქცია-მოვალეობანი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ გარემოსდაცვითი შეფასების პროცესში.

კოდექსის მეორე თავი, არსებული პროცედურებისგან განსხვავებით, ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ახალი სისტემის დანერგვას. უფრო კონკრეტულად: ჩამოყალიბდება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობების ახალი ჩამონათვალი, დაინერგება სკრინინგისა და სკოპინგის პროცედურები, გაუქმდება სანებართვოს სისტემები და მის ნაცვლად, შემოვა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის პროცედურა, მოხდება ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული საქმიანობის რეგულირება და ა.შ.

კოდექსში ცალკე თავებითაა დარეგულირებული სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება, საზოგადოების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურა და სხვა საკითხები.

როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ, მაია ბითაძემ აღნიშნა, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება და ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასება ორი სრულიად ახალი კომპონენტია ქართული კანონმდებლობისთვის.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების საფუძვლების გაფართოებას ითვალისწინებს კანონპროექტი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა.

საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, მოქმედ კანონს ემატება ნორმა, რომლის შესაბამისად, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაშიც, თუკი ეს მონაცემები მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფუნქციონირებისათვის მუშავდება.

როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, საქართველომ, ჯერ კიდევ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შემუშავების დროს, მიგრაციის მართვის ერთიანი სისტემის დანერგვის ვალდებულება აიღო.

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე აუცილებელია, რომ უახლოეს მომავალში შეიქმნას არ მხოლოდ ასეთი სისტემა, არამედ ეს სისტემა, იმავდროულად, რეალურად ფუნქციონირებადიც იყოს, რისთვისაც აუცილებელია გარკვეულ ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანა, მათ შორის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში. „სხვაგვარად მონაცემების დამუშავება და გამართულად მიგრაციის ანალიტიკური სისტემის ფუნქციონირება შეუძლებელი იქნება“,-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანპონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

დღევანდელ სხდომაზე, კომიტეტმა განაგრძო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის და მისი თანმდევი კანონპროექტების პირველი მოსმენით განხილვა. საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა, ითვალისწინებს მართვის მოწმობაზე 100 ქულიანი სისტემის დაკავშირებას და უკანტაქტო პატრულირების შემოღებას.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა განაცხადა, უკანტაქტო პატრულირებას განახორციელებენ პოლიციის ავტომანქანები ამოსაცნობი ნიშნების გარეშე, თუმცა პოლიციის ეს ავტომობილები იქნება საპარტულ პოლიციის დაქვემდებარებაში ანუ იმ ქვედყოფის დაქვემდებარებაში, რომელსაც ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის უფლებამოსილება არ აქვს. „ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს საპატრულო დეპარტამენტის დირექტორი დასაბუთებული გადაწყვეტილებით, რომელშიც განსაზღვრავს მარშუტებს,“ -აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, სადაც პოლიციის აღნიშნული ავტომობილები იმოძრავებენ, ყველა შესასვლესა და გასასვლელში იქნება დამონტაჟებული ამოსაცნონი ნიშნები, იმის თაობაზე, რომ ამ მონაკვეთზე ხორციელდება უკონტაქტო პატრულირება.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, მნიშვნლოვანია, რომ კანონპროექტში ჩაიდო ვადა, რომლის თანახმად, ინფორმაცია, რომელიც გადაღებული იქნება ამ წესით მოძრავი ავტომობილების მიერ, უნდა განადგურდეს 24 საათის გამნმავლობაში მისი გადაღებიდან.

შალვა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ შეთანხმების თანახმად, ქულების შემცირების გამო, მოხდება ერთი წლით მართვის მოწმობის შეჩერება და არა გაუქმება, ხოლო ვისაც სურვილი ექნება ამ ერთი წლის განმავლობაში აღიდგინოს მართვის მოწმობა, უნდა ჩააბაროს გამოცდა.

„მივესალმები ასეთ დიდ მხარდაჭერას ამ ცვლილებებისადმი როგორც სამოქალაო საზოგადოების, ასევე პოლიტიკური ძალების მხრიდან და კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს არის ცვლილებები და რეგულაციები, რომელიც ჩვენ გვაძლევს ისტორიულ შანსს, შევამციროთ გზებზე სიკვდილიანობა, ტრავმატიზმი და ეკონომიკური დანახარჯები, რომელიც მსოფლიო ბანკის წინასწარი შეფასებებით, წელიწადში დაახლოებით ნახევარ მილიარდს შეადგენს“,-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.

საკანონმდებლო პაკეტის განხილვაში დეპუტატებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას. კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით განხილვა ორიოდე კვირის წინ დაიწყო და გარკვეული საკითხების დაზუსტებამდე მისი განხილვა გადადებული იყო.