გიორგი ტიგინაშვილი დეკანოზ მამალაძის ადვოკატებს მიმართავს და კითხვებს საჯაროდ უგზავნის

გიორგი ტიგინაშვილი

თეოლოგი

მინდა გამოვეხმაურო ე.წ. “ციანიდის საქმეს” და ბრალდებული დეკანოზის უაპელაციოდ დამცველ ქომაგებსა და ადვოკატებს მივმართო:

1) თუ დეკანოზ გიორგი მამალაძეს დიდად არ ეპიტნავება შორენა თეთრუაშვილის პიროვნება (რაც ჩანაწერებში აშკარად იკვეთება), მაშ მისი გულისათვის (როგორც ადვოკატები ამბობენ ნივთიერება მდივან-რეფერანტს სჭირდებოდაო) რატომ იწუხებს თავს მომწამლავი და არც თუ იოლად საშოვნელი ნივთიერების ჯერ მოსაძიებლად, შემდეგ კი შესაძენად, როცა დეკანოზს თუნდაც თავადვე შეეძლო ეთქვა, რომ არ იყო ადვილი მოსაძიებელი და უშუალოდ შორენა თეთრუაშვილისათვის მიეთითებინა, რომ აღნიშნული ნივთიერების მოსაპოვებლად გამოეყენებინა თავისი გავლენები.

2) დაინტერესდა თუ არა დეკანოზი გიორგი მამალაძე თუ რამდენად ადვილად და შეუზღუდავად შეძლებდა ამ ნივთიერების საზღვარზე გადატანს?

3) გაარკვია და მოიკითხა თუ არა ვინმე იურისტთან, რომ ეს ქმედება მართლსაწინააღმდეგოა, დაუკავშირდა თუ არა შორენა თეთრუაშვილს და რა პასუხი მიიღო მისგან?

4) თუ ხელჩანთაში იდო ციანიდი, იქნებ და ის შეიძინეს იქ, სადაც პროკურატურა ვიდეო თვალსა და მოსასმენ აპარატურას ვერ დააყენებდა?

5) კონკრეტულად რომელი ლოკაციიდან და საიდან ელოდებოდა ფულს დეკანოზი?

6) რითი აიხსნება ის ფაქტი, რომ დეკანოზს უკანონოდ შენახული იარაღი ჰქონდა ბინაში?

ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ ბრალდებულის დანაშაულზე, მის მიერვე წარმოთქმული ლექსიკიდან და საუბრის შინაარსიდან იმსჯელოს რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:

დეკანოზი: ნატრიუმს რეაქცია, რომ არ ჰქონდეს?

ირაკლი: არა უეჭველი აქვსო… თავის შედეგს აყენებსო… თურმე წყალში უნდა გაიხსნას…

დეკანოზი: ნატრიუმი?

ირაკლი: ჰო.

დეკანოზი: და ეს? (კალიუმი)

ირაკლი: ეს საჭმელზე…

დეკანოზი: მოხმარების წესი რაფერაა ნეტა?

ირაკლი: რა ვიცი, მოხმარების რა ვიცი მე.

დეკანოზი: რითი ჩამოგვიტანს ეგაა მთავარი.”

დეკანოზი: (ნატრიუმსაც) იგივე ეფექტი აქვსო წერია.

ირაკლი: იგივე ეფექტი აქო? მაშინ ვკითხავ.

ირაკლი: იქ ვინები წავიდნენ ეხლა? შორენაა წასული, ჰო და სოსო და ი ვსიო?

დეკანოზი: თორმეტი კაცი, მეუფე დიმიტრი ახლავს.

ირაკლი: ხოო, ეს შორენა მაინც ჩაძვრა იქა.

დეკანოზი: არა შორენა მაინც ჩაძვრებოდა. იმენა დასაბრედია მაგ შობელძაღლი!

დეკანოზი: სამი ათასი უნდა, ესე იგი?

ირაკლი: ჰო. დეკანოზი: გასაგებია. ჰო მაშინ გამოვაგზავნინებ რა ფულს…

ირაკლი: სხვა რამე ხომ არ ვკითხო?

დეკანოზი: არა ეგ მინდა პროსტა, გარანტია მინდა რომ მოქმედი იქნება, რა.

ირაკლი: მთავარია, შაქრით ან ტკბილეულით არ განეიტრალდეს.

დეკანოზი: ეგ ვიცი, რომ შაქრით ნეიტრალდება.

ირაკლი: ჰო, ბევრ შაქარს თუ ჭამ, ტკბილს ან ეგრევე…

დეკანოზი: ეგ ვინც არის, მემგონი ის საერთოდ არ ჭამს ტკბილს ერიდება რა მაქსიმალურად…

ირაკლი: …და ეგ ჭიქაში არ რჩება?

დეკანოზი: რა ვიცი, მე არ მკიდია?! დარჩეს მერე. ვინ დაადგენს, რომ?

ირაკლი: ვერც ვერავინ დაადგენს მაგას.

დეკანოზი: ექსპერტიზა ვითომ? (არადა მეუფე პეტრე, ადვოკატებთან ერთად უტიფრად აცხადებდა, რომ ხატწერისთვის სჭირდებოდა ეს ბრალდებულ დეკანოზს)

ირაკლი: როდის მომიტან ფულს რომ მივცე?

დეკანოზი: დავურეკავ და ვეტყვი გამომიგზავნეთ-მეთქი. შენს ძმობას ვფიცავარ დღეს ერთმა გადამაგდო რა.

დეკანოზი: ჩემი ხელი ჭირდებათ მაგათ იქა. დედა უნდა ვუტირო, პროსტა ასაკი არ მიწყობს ხელს თორემ…

ირაკლი: მთლად პატრიარქი… პრეტენზიას გამოაცხადებდი, კი.

დეკანოზი: მე ბევრ რაღაცაზე მაქვს პრეტენზია, ჯერ თავს ვიკავებ!

დეკანოზი: ესენი იბრძვიან, რომ მე მოვხვდე იქ.

ირაკლი: სადა?

დეკანოზი: შიგნით, რაღაც თანამდებობაზე.

ირაკლი: საპატრიარქოში? და რამდენი თანამდებობა გინდა მამაო?

დეკანოზი: ქონებაში ხომ ვარ. ჩვენ ქონება არ გვაწყობს, რა. ქონება ისეთი თემა არაა. ეს იყო იმისთვის, რომ იქ შევსულიყავით ჩვენ… მე წავალ ბოტკოველის ადგილზე, ან შორენას ადგილზე ან მამა დავითის ადგილზე. უფრო პირველ რიგში მამა დავითის ადგილზე… მაგაზე (მამა დავითზე) შეგიძლიათ დაწეროთ, რომ ვითომ სანდო წყარომ მოგაწოდათ ინფორმაცია, ჯვრის მამათა მონასტერში ლოთობდა წინამძღვარი და მისი ძმა არის ესა და ეს ჭინჭარაული.

ირაკლი: და შორენას სად უშვებ?

დეკანოზი: შორენას მარილზე (მაღლა იხედება ამ დროს).

დამეთანხმებით ალბათ, რომ შემაძრწუნებლად მძიმე და აღმაშფოთებელია დეკანოზ გიორგი მამალაძის ავანტიურისტული რიტორიკა, ამბიციური მიზნები და ბოროტი ზრახვები. შესაბამისად, მოცემული დიალოგის შეფასება და ანალიზი, პირუთვნელი საზოგადოებისათვის მიმინდვია.

P.S. მოცემული ნარატივის საბოლოო გააზრების სახით კი მინდა თითოეული თქვენგანის ყურადღება შევაჩერო ერთ, მეტად საგულისხმო გარემოებაზე, თუ ვინები გვევლინებიან დღეს დეკანოზ გიორგი მამალაძის აპოლოგეტებად:

ნაციონალური მოძრაობა, მისი ტექნოლოგიურ-პროპაგანდისტული მანქანა რუსთავი2, სააკაშვილთან ასოცირებული მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ნაციონალური მოძრაობის ლატენტური და ყოვლადუსირცხვილო მეხოტბე – ზაზა ხატიაშვილი (რომელიც უგულავას, ადეიშვილს, მერაბიშვილს, ქარდავას და სააკაშვილს უდანაშაულო გმირებად მიიჩნევს) და პირადი ადვოკატები.

ამდენად, დასკვნა თავად გააკეთეთ.