თბილისში ევროპის ჩემპიონატი 6 დღის მანძილზე გასტანს

11-17 ივნისს თბილისი ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატს და კონგრესს უმასპინძლებს

2017 წელს თბილისი ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირი 11-17 ივნისს ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე ოლიმპიური პარკის სპორტულ კომპლექსში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის ფარგლებში ასევე ჩატარდება ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესი, რომელიც 11 ივნისსაა დაგეგმილი.

ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის პრეზიდენტს, მრავალგზის ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონს სტანისლავ პოზდნიაკოვს შეხვდა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ევროპის კონფედერაციის გენერალური მდივანი მაქს გოიტერი და საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ხელმძღვანელები – პრეზიდენტი ზაზა მჭედლიძე და გენერალური მდივანი, ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე დავით სახვაძე.

ჯამში, ევროპის ჩემპიონატი 6 დღის მანძილზე გასტანს და მასში მონაწილეობის მისაღებად თბილისში ევროპის 45-მდე ქვეყნის 400-მდე მონაწილეს ელოდებიან.

საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 24 სპორტსმენით წარსდგება. ევროპის ჩემპიონატზე მედლები მამაკაცთა და ქალთა შორის როგორც ინდივიდუალუარ, ასევე გუნდურ სახეობებში გათამაშდება – დაშნაში, ხმალსა და რაპირაში.