28 მარტიდან შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუსმინეს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ უვიზო მიმოსვლის წარმატებით განხორციელების მიზნით მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოისმინეს.

„28 მარტიდან შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება, რაც ჩვენს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, ევროპის 30 ქვეყანაში, ვიზის გარეშე იმოგზაურონ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, რასაც აღმასრულებელი ხელისუფლების ძალიან დიდი შრომა და მუშაობა დასჭირდა. ამ პროცესში სრულად იყო ჩართული საკანონმდებლო ორგანო. ევროპის პარლამენტმა, 2017 წლის 2 თებერვალს, უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერით, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მივულოცო ეს დიდი წარმატება და ევროკავშირთან ჩვენი ახალი თანაცხოვრების ეტაპზე გადასვლა, რაც გაცილებით უფრო დაგვაახლოებს იმ სივრცესთან, რომელშიც ჩვენ სრულად გვინდა ვიყოთ ინტეგრირებული“, – განაცხადა სხდომის გახსნისას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ ჩვენს თანამოქალაქეებს, ვიზის ლიბერალიზაციის კუთხით მიღწეული წარმატება მიულოცა. იგი მიესალმა საკანონმდებლო ორგანოსთან აღმასრულებელი ხელისუფლების მჭიდრო თანამშრომლობას. ის თანამშრომლობა, რაც აღმასრულებელ ხელისუფლებასა და საკანონმდებლო ორგანოს შორის წლების განმავლობაში ჩამოგვიყალიბდა, არის ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანი. პარლამენტის ტრიბუნიდან საშუალება გვაქვს მოსახლეობას სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდოთ. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, მით უფრო, ვიზის ლიბერალიზაციის მასშტაბური კამპანიის გაშლის ფარგლებში“, – აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

მან ამ წარმატების მისაღწევად, სახელმწიფოს მიერ განვლილ გზაზე ისაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირსა და შენგენის ზონაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ, მხოლოდ ტექნიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილების საპასუხოდ მიღებული გადაწყვეტილება არ იყო ევროკავშირის მხრიდან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი ჩვენი თანამოქალაქეებისათვის, რომელიც განსაზღვრავს იმას, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კარები არის ღია, პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი ზედმიწევნით სწორედ მიმდინარეობს; ყველა რეფორმა, რომელიც გატარდა, იყო სწორი, გათვლილი და გეგმაზომიერი. ამიტომ ჩვენ, შესაბამისი შედეგიც მივიღეთ. ახლა საჭიროა სწორი უზრუნველყოფა იმისა, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ არა მხოლოდ იმ სარგებელთან დაკავშირებით რითაც მათ შეუძლიათ ისარგებლონ, არამედ იმასთან დაკავშირებითაც რომ შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით ერთგვარი პრევენცია მოვახდინოთ“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

მან ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პირობებში საქართველოს მოქალაქეების უფლებებსა და მოვალეობებზე და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საინფორმაციო კამპანიის მიმდინარეობაზე ისაუბრა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებზე საინფორმაციო კამპანია სამ ფაზად არის დაყოფილი, რომელიც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეების, მათი უფლებებისა და მოვალეობის შესახებ ინფორმირებას ემსახურება. კამპანიის პირველი ფაზა საინფორმაციო რგოლების გავრცელებას მოიცავდა.

ვიქტორ დოლიძის განმარტებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინაციით, დაწყებულია საინფორმაციო კამპანიის მეორე ფაზის განხორციელება. ტრენინგები ტარდება სხვადასხვა მიმართულებით. უკვე ჩაუტარდათ ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს. იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო გამშვებ პუნქტებზე საპატრულო პოლიცია მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს, სახელმწიფო მინისტრის ორგანიზებით ტრენინგი ჩატარდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის“, – განაცხადა მინისტრმა. მან აღნიშნული კამპანიის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს ტელევიზიით, რადიოთი და ბეჭდური მედიით, ასევე, გარე რეკლამებით. ჩვენს მიზანს არა მხოლოდ მოსახლეობის ინფორმირება წარმოადგენს ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით არამედ, ევროატლანტიკური სივრცის პოპულარობის გაზრდა“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი განაგრძობს კამპანიის განხორციელების კოორდინაციას მე-3 ფაზას ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ძალაში შესვლის შემდეგაც. მესამე ფაზა ალბათ გვიან გაზაფხულზე დაიწყება, რომელიც რეგიონებში, განსაკუთრებით, ეროვნული უმცირესობებით და ასევე, მაღალმთიან რეგიონებში დასახლებული ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს. მათ უნდა იცოდნენ თუ რა სიკეთეების მოტანა შეუძლია ამ პროცესს და როგორ შეიძლება ეს გამოიყენონ“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა