ჯარჯი შუქიაური ემიგრაციაში და შვედეთში დაწერილი პირველი ლექსი საქართველოზე

ჯარჯი  შუქიაური – ალბათ არ გახსენდებათ არც ერთი საქველმოქმედო საღამო, სადაც ჯარჯი მის მეგობრებთან ერთად სცენაზე არ გიხილავთ. მის მიერ წაკითხული ლექსი თუ ერთხელ მოისმინეთ, მერე დიდხანს გემახსოვრებათ. დღეს ჯარჯი უკვე ემიგრანტია, თუმცა სამშობლოდან შორს მაინც წაიღო ქართული სული და ცდილობს პატარა ემიგრანტებს აზიაროს პოეზია და სცენის ხელოვნება.

ახალგაზრდა მწერალი ამჟამად სტოკჰოლმში იმყოფება და ქალთა ორგანიზაცია „დეისისა“ და ქალთა საბჭოს შვედეთის წარმომადგენლობის მიერ დაარსებულ ქორეოგრაფიულ ვოკალურ ანსამბლ „ფესვებთან“ თეატრალურ წრეს შექმნის.

როგორ გააცნობს ჯარჯი თავის თავს შვედეთის საზოგადოებას? დაახლოებით ასე:

– პოეტი და რეჟისორი ჯარჯი შუქიაური. 26 წლის ვარ, პოეტური კრებულის ”ჭაღარა მთვარე” ს ავტორი,

მიღებული მაქვს ილია ჭავჭავაძის სიგელი, რომელიც პატრიარქის კურთხევით გადმომეცა  ლექსისთვის „მოკლეს ილია“. ვარ კონკურს შოთაობის გამარჯვებული.  2016 წელს აღვადგინე  საქართველოში პოეზიის დღე, სადაც უკვე მეორე წელია ბევრი პოეტი იღებს მონაწილეობას. სამი წელი ვიმუშავე სხვადასხვა თეატრში. ვიყავი ქართული საბრძოლო ხელოვნება “შავფაროსნები” – ს რეჟისორი. დავდგი სპექტაკლი „კარაბადინი“, რომლის მსგავსი ჯერ ევროპის მასშტაბით არ გაკეთებულა, სცენარი და  რეჟისურა ჩემია მთლიანად. ერთი წელი ვუხელმძღვანელე მოყვარულ მსახიობთა დასს.. დავდგი ვაჟას ლეგენდა, რომელმაც სრულიად საქართველოს მასშტაბით პრველი ადგილი აიღო სკოლებს შორის კონკურსში. ეს ჩემი საავტორო სპექტაკლია. ასევე საავტორო სპექტაკლია „გალაკტიონის დემონები“, „სულხან საბა.. პოეტის ორი სახე..“ სადაც მე თვითონ ვთამაშობ. ვარ ეპიკური თეატრის იდეის ავტორი,  რომელიც მოიცავს კომპიუტერული ტექნოლოგიის და მსახიობის თამაშის სინთეზსს“

მერე აუცილებლად გაჩუმდება, ვინც ჯარჯის იცნობს, იცის, რომ საკუთარ თავზე ბევრი საუბარი არ უყვარს, აი, ჩვენ კი გეტყვით, რომ მის პოეზიაზე სიმღერა შექმნა მამუკა ჩარკვიანმა და არა მარტო მან. ბევრი თქვენთვის ცნობილი სინღერის ტექსტი ჯარჯი შუქიაურს ეკუთვნის, თუმცა ამაზე მერე…

დღეისთვის პოეტი უკვე ემიგრანტია. საინტერესოა, როგორია მისი, როგორც ემიგრანტის თვალით დანახული საქართველო. პოეტმა მთელი გრძნობა და განცდა ახალ ლექსში ჩადო, რომელიც შვედეთში დაწერა.

უკვე ემიგრანტის თვალით დანახული საქართველო.

ნეტავ შენს ბეჭებზე ვიდგე, უფრო მენატრები ახლა,

ჰოი, საქართველოვ ვიდრე, ჩემი ძარღვებიდან წახვალ.

ჰოი, დედაენავ ჩემო, ჩემო, ცრემლიანა ქალავ,

ჩემო, ცა-მხურია ჭერო, შენი გალავანის ქვა ვარ.

ვიცდი, არეული ვიცდი, გამოქცეული ვარ,

მეც აქ, რუხი მთების ქარი ცივი, ბეჭზე ძუ მგელივით მეცა.

ისე დაცლილი ვარ შენით, როგორც შენ,

ქართველი ხალხით, ვწყდებით ერთმანეთის შურით,

ვძღებით ჩვენივ სისხლის ხაპვით.

უცხო მიწა-წყალზეც ქართველს,

ისევ შენი მიწის, გვარის, ფესვებს გამოგითხრის,

გათრევს, როგორც პაწია ხეს მტკვარი.

ხოდა რაღა დაგვრჩა მეტი, უცხო გატანაშიც გვჯობნის,

გავხდით ერთმანეთის მტრები, გავხდით ზარმაცების ჯოგი.

არა ეს უთუოდ შემშლის, ჩემი საქართველო სხვაა..

არა ეს უსისხლო ლეში,

არა ეს შეცვლილი ჰავა .

გძინავს ნაზარევლის ძილით, გძინავს ლაზარეზე დიდ ხანს,

უნდა გაიღვიძო ძალით, ანდა ღმერთმა უნდა გიხსნას.

წარმატებები ახალგაზრდა მწერალს უცხო მიწაზე, ერთი კი ვიცით, შვედეთში მცხოვრები ქართველობას მს თავს უცხოდ არ აგრძნობინებს.