ადვოკატი: რომელ მოწმეზე ან მტკიცებულებაზე უნდა მოახდინოს მამა გიორგი მამალაძემ ზეწოლა?!.

მამა გიორგი მამალაძის დაცვის მხარის შუამდგომლობას აღმკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლო განიხილავს.

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაცვის მხარისთვის გაუგებარია, როგორ შეუძლია მამა გიორგის გამოძიებაზე გავლენის მოხდენა, რადგან საქმეში მხოლოდ ერთი მოწმეა, რომელიც სანდოდ არის დაცული.

„რომელ მოწმეზე უნდა მოახდინოს მამა გიორგი მამალაძემ ზეწოლა, როდესაც, ირაკლი მამალაძის გარდა, მოწმე არ არსებობს საქმეში და ირაკლი მამალაძეს იცავს დაცვის სპეციალური სამსახური, ფიზიკურად ვერ მოახდენს. რომელ მტკიცებულებაზე უნდა მოახდინოს გავლენა, როდესაც საქმეში არის მხოლოდ აუდიო-ვიდეო ვერსია. რამდენად კანონიერად არის მოპოვებული ცალკე საკითხია, მაგრამ ის აუდიო-ვიდეო ვერსიაც კი დაცვის პოზიციის სასარგებლოა, ვიდრე ბრალდების და შესაბამისად, ვერ გაბედა და ვერ გაუშვა პროკურატურამ სრულად იმიტომ, რომ ჩვენი სასარგებლო ინფორმაცია მასში მეტია და მხოლოდ ამოჭრილი ვერსია გაუშვა,“ – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.