როცა ვთქვი, რომ რუსეთში ვიზები დაგვჭირდებოდა, ევროპაში კი უვიზოდ ვივლიდით, გიჟად გამომაცხადეს…

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ საკაშვილი ეხმაურება და “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს:

“1996 წელს ქართული და რუსული ინტელიგენციის შეხვედრაზე თელავში მივედი, როგორც ახალგაზრდა პარლამენტარი და დავურღვიე იდილია, როდესაც ვუთხარი, რომ მალე მოვიდოდა დრო, რუსეთში ვიზები დაგვჭირდებოდა, ევროპაში კი უვიზოდ ვივლიდით. მაშინ, იქ შეკრებილმა ქართველმა “ინტელიგენტებმა” გიჟად გამომაცხადეს, არაუშავს, მას შემდეგ ეს ეპითეტი, ჩემი მისამართით, ბევრჯერ მომისმენია და აღარც ვრეაგირებდი. როდესაც თურქ ქართველებს, ვინც ქართული იცოდა და საქართველო უყვარდა, მოქალაქეობას ვანიჭებდი, ვეუბნებოდი, რომ ჩვენ თურქეთზე ადრე გვექნებოდა უვიზო მიმოსვლა. ქუთაისის აეროპორტიც ამიტომ აშენდა და არ დაგვცალდა, თორემ გურიაში, სოფელ მერიაშიც ვაპირებდით ორჯერ დიდი აეროპორტის აშენებას და მისი ავტობანით დაკავშირებას ბათუმთან, ფოთთან და ლაზიკასთან.
დღეს მე, ჩემი პასპორტით, ისევ მჭირდება ვიზა, რადგან ეს პასპორტი უკრაინულია, მაგრამ ჩემი ქართული გული კმაყოფილი, ამაყი და გახარებულია. ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ სიხარულს განგაშის გრძნობა ახლავს თან, თუ საქართველოში სხვა ხელისუფლება არ მოვიდა, ჩვენ გვემუქრება ასობით ათასი შრომისუნარიანი, ნიჭიერი ქართველის დაკარგვა, ვინაიდან უპერსპექტივობა წარმოშობს ემიგრაციას და უვიზო მიმოსვლა სხვა ქვეყნებში გადახვეწას აადვილებს. თუ ეს საკითხი დროზე მოვაგვარეთ, ვივლით, როგორც წარმატებული ქვეყნის ამაყი შვილები ტურისტებად, სასწავლებლად და ყოველთვის დავბრუნდებით საკუთარ სამშობლოში, რადგან რაც არ უნდა იყოს, საქართველოს ვერასდროს წაიღებენ თან”