“არ გამოვრიცხავთ, დღის წესრიგში არჩევნების ბოიკოტის საკითხის დაყენებას”

„პატრიოტების” წევრებმა დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრა გამართეს და ქვეყანაში საარჩევნო გარემოს შეცვლის აუცილებლობაზე ისაუბრეს. ირმა ინაშვილის განცხადებით აუცილებელია საარჩევნო გარემოს შეცვლა.

-„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს სულ სხვა გარემოში. ის კანონმდებლობა, ის სისტემა, რაც დღეს ფუნქციონირებს, სულაც არ არის თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლიანი. უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, რაც არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. მონიტორინგის კომიტეტის წევრები დაინტერესდნენ საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობით და იმით, ვუჭერთ მხარს, პრეზიდენტის საყოველთაო არჩევის წესს თუ პრეზიდენტის არჩევას პარლამენტის მიერ. ჩვენ ვთქვით, რომ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას. საარჩევნო თემატიკაზე მონიტორინგის ჯგუფის წევრებს დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ, რადგან მოახლოებულია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ხელისუფლება ამბობს, რომ არაფერს შეცვლის. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, დღის წესრიგში არჩევნების ბოიკოტის საკითხის დაყენებას”- განაცხადა  შეხვედრის შემდეგ ინაშვილმა.